როგორც ჩანს, საკუთარ ეზოში ტომ კრუზის ხილვა და შემდეგ მისი ვერტმფრენით სეირნობა შეუსრულებელი მისია სულაც არაა — ყოველ შემთხვევაში, ელისონ ვებ უარვიქშირის ოჯახისთვის.

ელისონმა მოულოდნელი შეტყობინება მიიღო. მას უთხრეს, რომ VIP სტუმარს აეროპორტის დახურვის გამო ვერტმფრენის დასმა მის ბაღში უნდოდა. ელისონი დათანხმდა, რადგან უნდოდა, ბავშვებს ვერტმფრენი ახლოდან ენახათ. ოჯახი სტუმარს დიდი ინტერესით ელოდა, თუმცა რეალობამ მათ ყველა მოლოდინს გადააჭარბა: ვერტმფრენიდან თვით ტომ კრუზმა გადმოაბიჯა.

ფოტო: Alison Webb

როგორც აღმოჩნდა, ტომ კრუზი ოჯახს Mission: Impossible-ის გადაღებებზე მუშაობის დროს ესტუმრა. ვერტმფრენიდან გადმოსულმა კრუზმა მაშინვე ბავშვებს მიაშურა და გამოელაპარაკა. ამის შემდეგ მან მასპინძელს მადლობის ნიშნად ბავშვების ვერტმფრენით გასეირნება შესთავაზა. ოჯახმა შემოთავაზება, რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით მიიღო. სანამ ტომ კრუზი შეხვედრას ესწრებოდა, ბავშვებმა ვერტმფრენით იმოგზაურეს.

შეუსრულებელი მისიის მეშვიდე ფილმის გადასაღებად ინგლისში მყოფი ტომ კრუზი უამრავმა მოქალაქემ შენიშნა, თუმცა მისი ვერტმფრენით სეირნობის პატივი ყველას ნამდვილად არ ერგო.

გავრცელებული ინფორმაციით, შეუსრულებელი მისია 7-ის პრემიერა 2022 წლის მაისშია დაგეგმილი.