ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR) საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის მეოთხე, საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ პროცესი არ იყო საკმარისად სამართლიანი და სანდო, თუმცა, პროცედურულად, ძირითადად, გამართულად ჩატარდა. ორგანიზაცია აცხადებს, რომ პარლამენტმა და იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს უზენაეს სასამართლოში დარჩენილ ხუთ ვაკანტურ ადგილზე კანდიდატების შერჩევის პროცესი, ვიდრე არ დასრულდება რეფორმების განხორციელება.

ორგანიზაციის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ იყო გაუმჯობესება მრავალ მნიშვნელოვან ასპექტში, განსაკუთრებით გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, აღნიშნულ პროცესებისთვის მაინც ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენდა პოლიტიკური არასტაბილურობისა და უნდობლობის გარემო, მუდმივად ცვალებადი საკანონმდებლო ბაზა და დაბრკოლებები სამართლიანობისა და კანდიდატებისთვის თანასწორი პირობების უზრუნველყოფის კუთხით. მათივე შეფასებით, პარლამენტის განხორციელებული დანიშვნის პროცედურის ეტაპი კვლავინდებურად არ ითვალისწინებს საკმარის სამართლებრივ გარანტიებს.

ODIHR-მა შეიმუშავა რეკომენდაციები, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის, ასევე, პარლამენტისთვის და აცხადებს, რომ მათი წაკითხვა უნდა მოხდეს წინა ანგარიშებში მოცემულ რეკომენდაციებთან ერთად.

ხარვეზები კანდიდატების მოსმენისა და დამტკიცებისას

ანგარიშში საუბარია ხარვეზებზე, რომლებიც მოსამართლეთა მოსმენისა და დანიშვნის სხვადასხვა ეტაპზე გამოვლინდა, მათ შორის კანდიდატების მოსმენისას.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პროცესებს ხელს უშლიდა თანასწორი პირობების არარსებობა და პროცესში არსებული ის ხარვეზები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებდა დანიშვნების სანდოობას, რომ ეს ნამდვილად დამსახურებებზე იყო დაფუძნებული და განხორციელდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მათივე განცხადებით, კანონი არ ითვალისწინებს ეფექტურ პრევენციულ ღონისძიებებს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში არასათანადო პოლიტიკური გავლენების გამოსარიცხად, ამასთან ერთის მხრივ პოლიტიკური მხარდაჭერის მოსაპოვებლად გაწეული ძალისხმევის სიმწირემ, მეორეს მხრივ კი, პარლამეტში ნაჩქარევად, დებატების გარეშე ჩატარებულმა განხილვებმა ვერ შეუწყო ხელი არსებული პრობლემების შემცირებას, ან საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებას.

მოსმენები საბჭოში

"მაღალი გამჭვირვალობის მიუხედავად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატების მოსმენის პროცესს, ხელს უშლიდა კანდიდატებისთვის განსხვავებული პირობების შექმნა, ქცევის ეტიკეტის დარღვევა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული შიდა დაპირისპირებები და სერიოზული პრობლემები ინტერესთა კონფლიქტთან მიმართებაში. ამ პროცესების შემდეგ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს განსახილველად წარუდგინა ცხრა კანდიდატი, რომელთაგანაც ყველა მოქმედი მოსამართლე იყო, მათ შორის მხოლოდ ორი იყო ქალი", — ვკითხულობთ დოკუმენტში.

მოსმენები კომიტეტებში

ორგანიზაციის განცხადებით, მოსმენები საპარლამენტო კომიტეტში, სტრუქტურულად კარგად იყო გამართული და ზოგადად ტექნიკურ ასპექტებში, საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად წარიმართა, თუმცა ამ მოსმენების პოლიტიკურმა ელფერმა და კომიტეტის წევრების მხრიდან აღნიშნული პროცესების მიმართ გამომჟღავნებულმა ყურადღების ნაკლებობამ ნეგატიური გავლენა იქონია პროფესიონალიზმისა და ობიექტურობის აღქმაზე.

"კენჭისყრაში მონაწილე კომიტეტის თერთმეტმა წევრმა, რომელთაგან მხოლოდ ერთი იყო ქალი, ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ცხრა კანდიდატიდან ექვსს და დანარჩენი სამი კანდიდატის წინააღმდეგ მისცა ხმა. მმართველი პარტიის ათმა წევრმა კი ხმა მისცა ერთი და იგივე კანდიდატებს. კომიტეტის მიერ პლენარულ სხდომაზე წარმოდგენილ ანგარიშში ასახული არ იყო არგუმენტები იმის შესახებ, თუ რის საფუძველზე დაუჭირეს, ან არ დაუჭირეს მხარი კანდიდატებს, რამაც ეჭვები გამოიწვია იმასთან დაკავშირებით, ემყარებოდა თუ არა მათ მიერ გაცემული რეკომენდაციები მხოლოდ და მხოლოდ ობიექტურ კრიტერიუმებს.

იმ ფაქტმა, რომ კომიტეტის მიერ სამი უარყოფილი კანდიდატიდან ორი იყო ქალი, რომლებსაც უფრო მაღალი შეფასებები ჰქონდათ მიღებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან ვიდრე, ზოგიერთ იმ კანდიდატს, რომლებსაც მხარი დაუჭირა და ამასთან კომიტეტმა არ წარმოადგინა არგუმენტაცია აღნიშნულის ასახსნელად, ეჭვის ქვეშ დააყენა კანდიდატების დამსახურებებზე დაფუძნებული შერჩევა", — ვკითხულობთ ანგარიშში.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, კომიტეტმა უნდა მიიღოს დასკვნა, რომელშიც მოცემული იქნება რეკომენდაცია კანდიდატის არჩევის თაობაზე და ასევე "შეფასება და/ან რეაგირების კონკრეტული კრიტერიუმები". მათი თქმით, კომიტეტის დასკვნაში მოცემული იყო მხოლოდ ექვსი რეკომენდებული კანდიდატის ნუსხა მათი კენჭისყრის შედეგების დასაბუთების, ან კანდიდატების დამსახურებების შესახებ მნიშვნელოვანი მონაცემების გარეშე.

დამტკიცება

ორგანიზაციაში ხაზს უვამენ, რომ 12 ივლისს გაიმართა სამოქალაქო პროტესტი, რომელიც ამ პროცესებთან არ იყო კავშირში, მაგრამ ჩაშალა პლენარული სხდომა და ამის მიუხედავად, იმავე დღეს ჩაინიშნა მოსამართლეთა კანდიდატებისათვის საბოლოო კენჭისყრა, "იმ სამართლებრივი მოთხოვნის საპირისპიროდ, რომლის მიხედვითაც, პლენარულ სხდომაზე საბოლოო კენჭისყრამდე კანდიდატების შესახებ ღია დისკუსიები უნდა გამართულიყო".

მათი განცხადებით, მმართველი პარტიის გადაწყვეტილებამ გაეგრძელებინა პროცესები იმ პირობებში, როცა ოპოზიციის უმრავლესობა არ იღებდა მონაწილეობას, ეჭვის ქვეშ დააყენა პროცესის ინკლუზიურობა და მოსამართლეთა დანიშვნების სანდოობა, ასევე შექმნა საზოგადოების ნდობის შემცირების საფთხე.

დასკვნის ამ ნაწილშიც აღნიშნულია, რომ დაირღვა სამართლიანი გენდერული წარმომადგენლობითობის პრინციპი, რადგან ყველა დანიშნული მოსამართლე იყო კაცი.

"უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლეების დანიშვნამდე პარიტეტი თითქმის დაცული იყო (47 პროცენტი ქალი). მოსამართლეთა დანიშვნის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებების მიღების არასაკმარისმა გამჭვირვალობამ წუხილი გამოიწყვია იმასთან დაკავშირებით, მოხდა თუ არა ყველაზე ღირსეული კანდიდიატების შერჩევა ქვეყნის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოსთვის, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო მეტ საფრთხეს უქმნის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას", — ვკითხულობთ განცხადებაში.

რეკომენდაციები

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მიუხედავად იმ ბევრი რეკომენდაციის გათვალისწინებისა, რომლებიც ODIHR-მა თავის 2019 წლის საკანონმდებლო ბაზის შეფასებასა და მონიტორინგის ანგარიშში წარმოადგინა, რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია კვლავაც შეუსრულებელია და განმეორებითაა მოცემული ქვემოთ. სწორედ ამიტომ, ისინი მოუწოდებენ მხარეებს, ამ რეკომენდაციების წაკითხვა მოხდეს მათ წინა რეკომენდაციებთან ერთად.

ODIHR-ის "უპირველეს ყოვლისა ყოვლისმომცველი რეკომენდაციები" ასე არის ფორმულირებული:

  • პარლამენტმა და იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს უზენაეს სასამართლოში დარჩენილ ხუთ ვაკანტურ ადგილზე კანდიდატების შერჩევის პროცესი, ვიდრე სასამართლო სისტემაში არ დასრულდება შემდგომი, ქვემოთ აღნიშნული რეფორმების განხორციელება;
  • საჭიროა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნების შესახებ საკანონმდებლო ბაზის სრულ შესაბამისობაში მოყვანა ODIHR-ისა და ვენეცის კომისიის შეუსრულებელ რეკომენდაციებთან, რათა მოხდეს მათი შესაბამისობის უზრუნველყოფა მოსამართლეების დამოუკიდებლობისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების შესახებ არსებულ საერთაშორისო სტანდარტებთან;
  • საჭიროა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და მისი შემადგენლობის რეფორმირება მისი დამოუკიდებლობისა და სამართლიანობისადმი საზოგადოებრივი ნდობის ამაღლების მიზნით. რაც უნდა მოხდეს საბჭოს წევრების დანიშვნის კონკურენტული, ინკლუზიური და გამჭვირვალე პროცესების უზრუნველყოფის მეშვეობით, რომლებიც დაფუძნებული იქნება მკაფიოდ განსაზღვრულ, ობიექტურ კრიტერიუმებზე. რეფორმის დასრულებამდე უნდა შეწყდეს საბჭოს წევრების ვაკანტური ადგილების შევსების პროცესი;
  • საჭიროა ყოვლისმომცველი სასამართლო რეფორმის განხორციელება სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და ხარისხის ასამაღლებლად ფართომასშტაბიანი, ინკლუზიური და პარტიათაშორისი რეფორმის განხორციელების პროცესის მეშვეობით, რომელშიც ასევე აქტიურად იქნებიან ჩართულნი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და იურიდიული ექსპერტები.

ორგანიზაციამ ასევე შეიმუშავა ძირითადი რეკომენდაციები, რომლებიც პარლამენტისთვისაა განკუთვნილი, რათა მოხდეს საკანონმდებლო ცვლილებების მეშვეობით მათი დაკანონების განხილვა. მათი განცხადებით საჭიროა:

  • დანიშვნების პროცესში პარლამენტის როლის პარამეტრების გადახედვა, იმის უზრუნველსაყოფად, რომ მხოლოდ დამსახურებებზე დაფუძნებული, ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე მოხდება მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება, ასევე უნდა მოხდეს საკანონმდებლო და პროცედურული გარანტიების მიღება მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის პოლიტიზირების თავიდან ასაცილებლად;
  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების თანამდებობების კონკურსისთვის შესაბამისობის კრიტერიუმების მინიმალური ზღვრის იმგვარი ცვლილება, რომ კანდიდატებს მოეთხოვებოდეთ სამუშაო გამოცდილების მეტი წელი და ადამიანის უფლებების სფეროში მუშაობის მეტი გამოცდილება, რათა მოხდეს უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეების ადგილებზე უფრო მაღალი სტანდარტების კანდიდატების უზრუნველყოფა;
  • საჭიროებისდა მიხედვით დროის ხანგრძლივობის შეცვლა მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენისა და დანიშვნის პროცესის ყველა ეტაპზე, რათა გადაწყვეტილებების მიღებამდე შესაძლებელი გახდეს კანდიდატთა დამსახურებების ზედმიწევნითი განხილვა, რაშიც შედის როგორც პარლამენტში მოსმენების ჩატარებამდე დროის ხანგრძლივობა, ასევე მოსმენების შემდეგ;
  • დასაბუთებული გადაწყვეტილებების მოთხოვნის დამატება დანიშვნის პროცესის ყველა ეტაპზე, რომლებიც მკაფიოდ განსაზღვრულ კრიტერიუმებს დაეფუძნება და მათი დროულად გამოქვეყნების მოთხოვნა;
  • საკანონმდებლო ბაზაში ცვლილებების შეტანისგან თავის შეკავება მოსამართლეთა შერჩევის პროცესის მიმდინარეობისას და იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა კანდიდატის მოსმენა და მათი კანდიდატურის განხილვა ერთი და იგივე წესებითა და პროცედურებით მოხდება;
  • უზენაეს სასამართლოში ორივე სქესის დაბალანსებული წარმომადგენლობის გარანტიების შემოღების განხილვა, რაც არ უნდა მოხდეს დამსახურების ძირითადი კრიტერიუმისა და იმ მექანიზმების ხარჯზე, რომლებიც ხელს უწყობენ აღნიშნული ამოცანის განხორციელებას.

ეუთოს განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენისა და დანიშვნის პროცესში თავიანთი ფუნქციების განხორციელებისას, შესაბამისმა პასუხისმგებელმა დაწესებულებებმა უნდა გაითვალისწინონ რეკომენდაციები, რომელთა უმეტესობის გამოყენებაც შეიძლება ზოგადად დანიშვნების ნებისმიერ პროცესში. კერძოდ მათი განცხადებით, საჭიროა სათანადო რეგულაციებისა და პროცედურების მიღების უზრუნველყოფა კანდიდატების წარდგენისა და დანიშვნის პროცესების უმთავრესი ასპექტების შესახებ არსებული კანონმდებლობის გასამყარებლად, მათ შორის მოსმენების პროცესებისა და კანდიდატების დამსახურებების შეფასების დასაბუთების თაობაზე. ასევე, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების ეფექტური ჩართვა მოსამართლეთა შერჩევის პროცესებში, რათა თავიანთი წვლილი შეიტანონ ყველაზე კვალიფიციური კანდიდატების შერჩევაში, რაც ხელს შეუწყბს საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებას.

ეუთოს შეფასებით, მრავალფეროვნების გაზრდის მიზნით უნდა მოხდეს ქალების, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისა და უმცირესობების აშკარა წახალისება, რომ განაცხადები შეიტანონ ამ ვაკანსიებზე და სასამართლო სისტემაში უნდა გატარდეს კონსტრუქციული ღონისძიებები მათი წარმომადგენლობითობის გასაზრელად. მათივე თქმით, საჭიროა ყველა კანდიდატის მკაცრად და გამჭვირვალედ შემოწმება, დადგენილ მინიმალური მოთხოვნების კრიტერიუმებთან, მათ შორის უმაღლესი იურიდიული განათლების მოთხოვნასთან, შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით.

დანარჩენ რეკომენდაციებში კი ვკითხულობთ, რომ საჭიროა:

  • დამატებითი პროცედურების შემუშავება კანდიდატების მიერ წარდგენილი მონაცემების უფრო საფუძვლიანად და გამჭვირვალედ შემოწმების მიზნით და კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების საკიხებთან დაკავშირებით სიღრმისეული კვლევის უზრუნველსაყოფად;
  • ინტერესთა კონფლიქტის თაობაზე არსებული წესების ზუსტი ინტერპრეტირება იმ მიზნით, რომ შერჩევის მთელი პროცესის განმავლობაში გამოირიცხოს რეალური, ან აღქმითი ინტერესთა კონფლიქტი, მათ შორის, შერჩევის პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრების მონაწილეობა მაშინ, როცა ამ პროცესის მიმართ პირადი ინტერსი ამოძრავებთ;
  • საზოგადოების ფართო ჩართულობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, კანდიდატების წარდგენის მოსმენების შესახებ ინფორმაციის საკმარისად ადრე გავრცელება და აღნიშნული მოსმენების ოქმების დროული გამოქვეყნება;
  • სამართლებრივი ინსტრუმენტის გამოყენებით მიიღეთ კანდიდატების წარდგენისა და დანიშვნების პროცესების ყველა ეტაპის ყოვლისმომცველი და დეტალური რეგლამენტი, ისევე როგორც ქცევის კოდექსი, ინკლუზიური საკონსულტაციო პროცესის მეშვეობით და უზრუნველყავით მათი მკაცრი, სამართლიანი და თანმიმდევრული გამოყენება, მეტი გამჭვირვალობისთის უნდა მოხდეს მათი გამოქვეყნება;
  • უმრავლესობის ქვორუმის მოთხოვნა კანდიდატთა მოსმენების მთელი პროცესის განმავლობაში, რაც მკაცრად უნდა იყოს დაცული, აგრეთვე იმის უზრუნველყოფა, რომ მოსმენების მონაწილეები ყურადღებით ადევნებენ თვალყურს მიმდინარე პროცესს;
  • შერჩევის მთელი პროცესის განმავლობაში კანდიდატებს მოეპყარით სამართლიანად და თანასწორად, ასევე მათთვის უზრუნველყავით პატივისცემით გამსჭვალული და ღირსეული პირობები;
  • მოსმენებზე სხდომის თავმჯდომარემ თავის მოვალეობა უნდა შეასრულოს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის მკაცრი დაცვით და ყველა წევრისა და კანდიდატის მიმართ სამართლიანი დამოკიდებულებით, აგრეთვე უნდა განახორციელოს მოსმენების სათანადო კონტროლი, დისციპლინირებული და პატივისცემით გამსჭვალული პროცესის უზრუნველსაყოფად;
  • სტანდარტებისა და სახელმძღვანელო მითითებების დაწესება დასაბუთებული გადაწყვეტილებების მოთხოვნასთან მიმართებაში, კანდიდატების შემოკლებული სიისთვის შერჩევის, მათი წარდგენის და პარლამენტისთვის მათთვის რეკომენდაციების გაწევის პროცესებისთვის, რათა მოხდეს შეფასებების სტანდარტიზება, რის შედეგადაც შეფასებები იქნება არსებითი, დამსახურებებზე დაფუძნებული და ინდივიდუალური.

ODIHR-მა მონიტორინგი განახორციელა საქართველოს სახალხო დამცველის მოწვევის საფუძველზე. გუნდმა მონიტორინგი გაუწია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ყველა კანდიდატთან ჩატარებულ გასაუბრებებს, ისევე, როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ წარდგენილ კანდიდატთა მოსმენებს და ნომინირებული კანდიდატების საბოლოო კენჭისყრას პარლამენტში. ორგანიზაციის განცხადებით, ყველა მონიტორმა დაიცვა ODIHR-ის ფუნდამენტური პრინციპები მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის შესახებ და ამავდროულად უზრუნველყო მათი პროცესში ჩაურევლობა.

დღევანდელ ანგარიშამდე, უზენაეს სასამართლოში დანიშვნების პროცესთან დაკავშირებული შეფასებები გამოქვეყნებულია 2019 წლის სექტემბერში, 2020 წლის იანვარში, და 2021 წლის ივლისში.


პარლამენტმა 12 ივლისს რიგგარეშე სესიაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატიდან 6 დაამტკიცა. სამოქალაქო სექტორი და დიპლომატები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებდნენ, არ აერჩია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული მართლმსაჯულების რეფორმის გატარებამდე. პროცესში არ მონაწილეობდა ოპოზიციის ძირითადი ნაწილი და სახალხო დამცველი.

19 აპრილის შარლ მიშელის შეთანხმების თანახმად, უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერებულიყო და ხელახლა დაწყებულიყო განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებითაც მას შემდეგ, რაც ახალი კანონი ძალაში შევიდოდა. მმართველ პარტიაში კი აცხადებდნენ, რომ შეთანხმებით გათვალისწინებული პირობა დოკუმენტის ხელმოწერამდე უკვე შესრულებული ჰქონდათ და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესს არ შეაჩერებდნენ.

გაიგეთ მეტი