თბილსერვისის თანამშრომლის, ირაკლი ბაღდავაძის განცხადებით, ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. მისი თქმით, გათავისუფლების შესახებ მას კონკრეტულ მიზეზს ამ დრომდე არ ეუბნებიან. ბაღდავაძე დარწმუნებულია, რომ სამსახურიდან გათავისუფლება მის მიერ გამოთქმულ პროტესტს უკავშირდება. ამის შესახებ მან On.ge-სთან ისაუბრა.

"გამათავისუფლეს იმიტომ, რომ კორუფციული სისტემა, რომელიც ეთამაშება 1 და 2 მილიონს კიარა, ასობით მილიონზეა აქ ლაპარაკი, ამ ფულს რომ ჭამენ, კალაძის გაპრავებით რომ ჭამენ და ხელებს რომ ბანენ ერთმანეთს, ამაზე რომ დავიწყე ლაპარაკი, რომ ამოვიღე ხმა და მოვითხოვე, რომ ჩაეძიოს ყველა", — აცხადებს ბაღდავაძე.

მისივე თქმით, სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ მან მშრალი შიმშილობა გამოაცხადა.

On.ge ბაღდავაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით თბილსერვისსაც დაუკავშირდა. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა 6 აგვისტოს რთულ სამუშაო პირობების გასაპროტესტებლად და ხელფასის მომატების მოთხოვნით აქცია გამართეს. თბილსერვისის ჯგუფში აცხადებდნენ, რომ თანამშრომელთა მოთხოვნები "გონივრულ ვადაში" დაკმაყოფილდებოდა. 13 აგვისტოს ირაკლი ბაღდავაძემ განაცხადა, რომ მას ხელმძღვანელობამ, რომეო მიქაუტაძემ თბილისის მერი, კახა კალაძისთვის ბოდიშის მოხდა მოსთხოვა და ამის სანაცვლოდ ფული შესთავაზა. მიქაუტაძე აღნიშნულს აბსურდულს უწოდებს და დანარჩენ დეტალებზე არ საუბრობს.