ქაბულის აეროპორტში სროლის დროს 1 ავღანელი მესაზღვრე დაიღუპა და 3 ადამიანი დაშავდა. აეროპორტის მესაზღვრეებმა სროლით უცნობი პირების მიერ გახსნილ ცეცხლს უპასუხეს. ორმხრივ სროლაში ამერიკელი და გერმანელი სამხედროები, უცნობი შეიარაღებული პირები და ავღანელი მესაზღვრეები მონაწილეობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Post გერმანიის შეიარაღებული ძალების ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

Reuters CNN—ზე დაყრდნობით წერს, რომ შეტაკება დაიწყო მაშინ, როდესაც აეროპორტის გარეთ სნაიპერმა ესროლა ავღანელ მესაზღვრეებს, რომლებიც ძირითადად ყოფილი სამთავრობო ჯარისკაცები არიან და ახლა აშშ-ის ძალებს აეროპორტის ჩრდილოეთ კარიბჭესთან ეხმარებიან. აეროპორტში NATO-ს ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა კი Reuters უთხრა, რომ სროლის შემდეგ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

ქაბულის აეროპორტში სულ 20 ადამიანი დაიღუპა, როდესაც აშშ და საერთაშორისო ძალები ცდილობენ საკუთარი და ავღანელი მოსახლეობის ევაკუაციას — წერს Reuters.

კვირას, 22 აგვისტოს, ქაბულის აეროპორტში დაიღუპა 7 ავღანელი. 21 აგვისტოს კი Reuters NATO-სა და თალიბანის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერდა, რომ ბოლო კვირის განმავლობაში აეროპორტის ტერიტორიაზე, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა.

შაბათს, 21 აგვისტოს, აშშ-ის საელჩომ უსაფრთხოების ახალი გაფრთხილება გამოაქვეყნა და მოქალაქეებს მოუწოდა, არ გაემგზავრონ ქაბულის აეროპორტში, თუ აშშ-ის მთავრობის წარმომადგენელთა ინსტრუქციას არ მიიღებენ. ეს გაფრთხილება გასცა გერმანიის საელჩომაც და მოუწოდა მოქალაქეებს, აეროპორტში მისვლისგან თავი შეიკავონ, რადგან საელჩოს განცხადებით, თალიბები ტერიტორიაზე კონტროლს სულ უფრო ამკაცრებენ.

ავღანეთიდან აშშ-ის ძალების გასვლის შემდეგ, თალიბანმა მალევე შეძლო და ქაბულიც აიღო – პრეზიდენტი გაიქცა, თალიბებმა ძალაუფლება მოიპოვეს. მათ ხელისუფლების ყველა წარმომადგენლისათვის საყოველთაო "ამნისტია გამოაცხადეს" და მთავრობაში ქალები მიიწვიეს. მათი მტკიცებით, ხალხს შეუძლია, დაუბრუნდეს თავის რუტინულ ყოველდღიურობას, თუმცა ამის ფონზე, დევნიან ქუჩაში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამოსულ მოქალაქეებს, ქალებს, რომლის ჩაცმის სტილიც არ მოსწონთ, ჟურნალისტებს. ბოლო დღებში თალიბებმა ათამდე მოკლეს და არაერთი დაჭრეს, მათ შორის, ისინი, ვინც ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდნენ.

გაიგე მეტი: