თალიბანი იმუქრება, რომ თუ აშშ და დასავლეთის სხვა ქვეყნები ავღანეთიდან ჯარებს 31 აგვისტოსთვის არ გაიყვანენ, მაშინ შედეგებს მოიმკიან.

"ეს [ჯარების გაყვანის საკითხი] წითელი ხაზია. პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ 31 აგვისტოსთვის მთელ ჯარს გაიყვანდა. თუ ისინი გაყვანის ვადებს გაახანგრძლივებენ, ეს ნიშნავს, რომ ისინი ოკუპაციას აგრძელებენ, რისი საჭიროებაც არ არის.

თუ აშშ ან დიდი ბრიტანეთი ევაკუაციის გასახანგრძლივებლად დამატებითი დროის მოპოვებას შეეცდებიან, ამაზე პასუხი უარყოფითია. ეს ჩვენ შორის უნდობლობას გამოიწვევს. თუ ისინი ოკუპაციის გაგრძელებას აპირებენ, ამას რეაგირება მოჰყვება", — განაცხადა თალიბანის პრესსპიკერმა, სუჰაილ შაჰინმა Sky News-თან ინტერვიუში.

ამასთან, ის ინტერვიუში ამბობს, რომ ქვეყანას ეკონომიკური განვითარება სჭირდება და ეს არის ახლა თალიბანის მთავარი ამოცანა. ის კვლავ იმეორებს, რომ თალიბანის ძალადობრივი ისტორია წარსულია და ახლა მათი მიზანი მომავალზე კონცენტრირებაა. მისი თქმით, მათ მიერ კონტროლის აღებიდან მომხდარ ძალადობის ყველა ფაქტს გამოიძიებენ და დამნაშავეებს დასჯიან. თუმცა, ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა პასუხს აძლევს ის თალიბანის მიერ დახოცილი ხალხის ოჯახის წევრებს, პასუხობს, რომ მათი ქვეყანა ოკუპირებული იყო და ეს არის ბრძოლა სამშობლოს გასათავისუფლებლად.

ავღანეთიდან აშშ-ის ძალების გასვლის შემდეგ, თალიბანმა მალევე შეძლო და ქაბულიც აიღო – პრეზიდენტი გაიქცა, თალიბებმა ძალაუფლება მოიპოვეს. მათ ხელისუფლების ყველა წარმომადგენლისათვის საყოველთაო "ამნისტია გამოაცხადეს" და მთავრობაში ქალები მიიწვიეს. მათი მტკიცებით, ხალხს შეუძლია, დაუბრუნდეს თავის რუტინულ ყოველდღიურობას, თუმცა ამის ფონზე, დევნიან ქუჩაში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამოსულ მოქალაქეებს, ქალებს, რომლის ჩაცმის სტილიც არ მოსწონთ, ჟურნალისტებს. ბოლო დღებში თალიბებმა ათამდე მოკლეს და არაერთი დაჭრეს, მათ შორის, ისინი, ვინც ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდნენ. ბოლო დღეებში ავღანეთში გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ ზუსტი მონაცემები არ არსებობს და მედიაში სხვადასხვა მონაცემი ვრცელდება.

ავღანეთის ხელისუფლების ნაწილი, რომელსაც სათავეში ვიცე-პრეზიდენტი ამრულაჰ სალეჰი უდგას, დანებებას არ აპირებს. ის სამხედრო მეთაურ აჰმად მასუდთან ერთად მომხრეებს პანჯშირის ხეობაში კრებს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თალიბანის ხელმძღვანელობამ ასობით მებრძოლი პანჯშირის ხეობის ასაღებად გაგზავნა. თუმცა, შედეგების შესახებ ჯერეჯრობით არაფერია ცნობილი.

გაიგეთ მეტი: