საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ღარიბაშვილმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, საერთო ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები, რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები და კონფლიქტის მშვიდობიანი და ეფექტიანი მოგვარების მნიშვნელობა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში თეიმურაზ შარაშენიძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი დაესწრნენ.

ზელენსკისთან შეხვედრამდე ღარიბაშვილი უმაღლესი რადას თავმჯდომარეს, დმიტრო რაზუმკოვს შეხვდა, რომელთანაც საქართველოსა და უკრაინის საკანონმდებლო ორგანოების თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე ისაუბრა. ღარიბაშვილი, ასევე, შეხვდა უკრაინის პრემიერმინისტრს, დენის შმიგალს. შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე შმიგალმა საქართველოს მადლობა გადაუხადა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, რუსეთიდან გაძლიერებული ზეწოლის ფონზე, საქართველოს მხარდაჭერა უკნაინისთვის ძალიან ღირებულია.

საქართველოს დელეგაცია ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით უკრაინაში გუშინ, 21 აგვისტოს ჩავიდა. 23 აგვისტოს ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს ყირიმის პლატფორმის სამიტში, რომელსაც 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერები დაესწრებიან.

გაიგე მეტი: