გაერთიანებულმა სამეფომ და ამერიკამ რუსეთში 7 პირს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს და აცხადებს, რომ ისინი რუსეთის სპეცსამსახურს წარმოადგენენ და რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლაში პასუხისმგებლობა ეკისრებათ.

სანქციებთან ერთად, ქვეყნებმა საერთო განცხადებაც გაავრცელეს, სადაც რუსეთს ქიმიური ნივთიერებების გამოყენებაზე აფრთხილებენ. გამოცემის ცნობით, დამატებით 2 პირსა და ოთხ რუსულ ინსტიტუტს ვაშინგტონმა სანქციები ცალკე დაუწესა და განაცხადა, რომ ისინი ქიმიური ნივთიერების დამზადებაში მონაწილეობდენ.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დომინიკ რააბის განცხადებით, ეს მათი მაკფიო გზავნილია, რომ რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის ნებისმიერი გამოყენება საერთაშორისო ნორმებს არღვევს. მისივე თქმით, საჭიროა, ჩატარდეს გამჭვირვალე გამოძიება.

Reuters-ის ცნობით, გაერთიანებული სამეფოს დოკუმენტში ჩამოთვლილები იყვნენ: ალექსეი ალექსანდროვი, ვლადიმირ პანიაევი, ივან ოსიპოვი, ვლადიმირ ბოგდანოვი, კირილი ვასილიევი, სტანისლავ მაკშაკოვი და ალექსეი სედოვი.

20 აგვისტოს ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი დღის შემდეგ ოჯახის მოთხოვნით, ოპოზიციონერი ბერლინის კლინიკა შარიტეში წაიყვანეს. გერმანელი ექიმები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ნავალნი ნოვიჩოკის ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს. იგივე ვერსია საფრანგეთისა და შვეიცარიის ლაბორატორიებმა დაადასტურეს.

რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მომხდართან კავშირი არ აქვთ, ნავალნის მოწამვლის ვერსიას უარყოფენ და გერმანიისგან უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდებას მოითხოვენ.

11 იანვარს რუსეთში სასჯელის აღსრულების ფედერალურმა ბიურომ სასამართლოს მიმართა, რომ ნავალნის პირობითი მსჯავრი, რომელიც მან ივ როშეს საქმეზე მიიღო, რეალურით ჩანაცვლდეს. ამასთან, რუსეთში ოპოზიციონერის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით საქმე აღძრეს. საგამოძიებო უწყებები მას საკუთარი ფონდებიდან ფულის გაფლანგავს ედავებიან.

რამდენიმეთვიანი მკურნალობის შემდეგ ნავალნი ცოლთან ერთად მოსკოვში 2021 წლის 17 იანვარს დაბრუნდა. ის აეროპორტშივე დააკავეს. რუსულმა სასამართლომ ნავალნის პირობითი მსჯავრი რეალურით შეუცვალა და 2 წლითა და რვა თვით ციხეში გაუშვა.