პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 21-23 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვევა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით მას უკრაინელი კოლეგა დენის შმიგალი უმასპინძლებს, 22 აგვისტოს კი ღარიბაშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

უკრაინის მინისტრთა კაბინეტში ირაკლი ღარიბაშვილისა და დენის შმიგალის პირისპირ შეხვედრა გაიმართება, რის შემდეგაც მოლაპარაკებები, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერმინისტრი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვსაც შეხვდება.

ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ღარიბაშვილი გვირგვინით შეამკობს უცნობი ჯარისკაცის საფლავს და ჰოლოდომორის მემორიალზე პატივს მიაგებს დაღუპულთა ხსოვნას.

23 აგვისტოს ღარიბაშვილი, სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს ყირიმის პლატფორმის სამიტში, რომლის ფარგლებში ერთობლივი დეკლარაცია შემუშავდება.

საქართველოს დელეგაციაში ღარიბაშვილთან ერთად არიან ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი.