იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ვაქცინაციის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება სრულიად შეუთავსებელია ექიმის პროფესიასთან. ასე გამოეხმაურა ის ექიმთა იმ მცირე ნაწილს, რომლებიც კორონავირუსის ვაქცინის წინააღმდეგ გამოდიან.

"არსებობს ექიმების მცირე, მაგრამ, მაინც, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ვაქცინაცის წინააღმდეგია და აი ამ თავის წინააღმდეგობას და ნეგატიურ დამოკიდებულებას სხვებსაც უზიარებს — როგორც პაციენტებს ისე, რაც ყველაზე ცუდია, სხვადასხვა სოციალური ქსელის საშუალებით [ავრცელებს]. ეს არის მართლაც, ჩემთვის აუხსნელი, ახსნა არა მაქვს. ვერ ვხსნი ამას, რატომ შეიძლება ექიმი იყოს ანტივაქსერი. ეს სრულიად შეუთავსებელია ექიმის პროფესიასთან", — განაცხადა ჩხაიძემ იმედის ეთერში.

იაშვილის კლინიკის დირექტორი ამბობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა იმ გამოცდილი ტექნოლოგიით არის დამზადებული. მისი თქმით, ექიმებმა საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ სანამ ანტივაქსერულ მოწოდებებს გაავრცელებენ.

"კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ზუსტად იმ ტექნოლოგიებს ეყრდნობა, რაც უკვე არის გამოყენებული და უფრო თანამედროვესაც კი. არანაირი ობიექტური საფუძველი ექიმის მოწოდებას, ნებისმიერ ექიმის, რომ ვაქცინაცია არ ჩაიტარონ, არ აქვს. ეს არის პირდაპირ დანაშაული და ეს არის პროფესიის შეურაცხყოფა. ეს არის ღალატი.

მე შეიძლება დავუჯერო ამ ექიმის მოწოდებას, არ გავიკეთო ვაქცინა, შემდეგ დამემართოს კორონავირუსი და მდგომარეობა დამიმძიმდეს, პასუხი პასუხისმგებლობა არის სწორედ ამ ადამიანის, ვინც მოუწოდა და ხმამაღლა გამოთქვა თავისი ნეგატიური დამოკიდებულება ვაქცინაციის მიმართ", — განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ჩხაიძის თქმით, პაციენტისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ექიმი ვისთანაც მიდის, მედდა, რომელიც გასინჯავს, მისთვის არის უსაფრთხო.