ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით ფაიზერის ვაქცინა ყველა ორსულმა უნდა ჩაიტაროს და რაც უფრო სწრაფად გააკეთებს ამას, მით უკეთესია.

"დღეს, რაც ზუსტად შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ორსულებში ფაიზერით ვაქცინაცია არის სრულიად უსაფრთხო, ამდენად ყველა ორსული უნდა, რაც შეიძლება სწრაფად, ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში. ანტივაქსერული განწყობის მიზეზები რამდენად ძლიერმოქმედია ორსულების ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ამაზე სტრუქტურირებული კვლევა ჩვენ არ ჩაგვიტარებია, თუმცა არ არის გასაკვირი ის, რომ იქიდან გამომდინარე, რომ გამოცდილება ნაკლებია, ჯერჯერობით მონაცემიც მცირეა, ზოგიერთმა ექიმმა გარკვეული კითხვის ნიშნები დაუსვას ვაქცინაციის ჩატარება-არჩატარების საკითხს, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ფაიზერის ვაქცინა ყველა ორსულმა უნდა ჩაიტაროს და რაც სწრაფად გააკეთებს ამას, უკეთესია", — განაცხადა გაბუნიამ.

20 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 743 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 393, ხოლო გარდაიცვალა — 59 ადამიანი. ბოლო დღეების განმავლობაში ორსულებს ფაიზერით აცრის რეკომენდაციებს აძლევენ. თუმცა, აქცენტი კეთდება იმაზე, რომ აცრის გადაწყვეტილება მეანებმა ინდივიდუალურად უნდა მიიღონ.