კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ჰონგ-კონგს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი წესები აქვს, რომელთა შორისაც შემოსული სტუმრებისთვის სავალდებულო კარანტინია. ეს წესი ყველას ეხება, მათ შორის, ჟურნალისტებსა და ოლიმპიადიდან დაბრუნებულ სპორტსმენებს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, არა — ნიკოლ კიდმანს.

ჰონგ-კონგმა დაადასტურა, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავს საყოველთაო წესებიდან განსაკუთრებული შეღავათი მიეცა, რათა Amazon-ის ახალი სერიალის, The Expatriates-ის გადასაღებად ჩამოსულ მსახიობს საქმიანობაში ხელი არ შეშლოდა. ოფიციალური წარმომადგენლების განმარტებით, გადაწყვეტილება, აგრეთვე, ჰონგ-კონგის ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფადაც მიიღეს.

ადგილობრივი მედიის მიხედვით, ნიკოლ კიდმანი ჰონგ-კონგში სიდნეიდან 12 აგვისტოს პირადი თვითმფრინავით ჩამოფრინდა. ამას შემდეგ მოქალაქეებმა მსახიობი საშოპინგოდ მიმავალი დააფიქსირეს მაშინ, როცა, წესით, კარანტინში უნდა ყოფილიყო. ავსტრალიიდან ჩამოსულ ვარსკვლავს კოვიდსასტუმროში 7-დღიანი კარანტინი უნდა გაევლო.

მომხდარმა საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია:

"ძვირფასო ჰონგ-კონგელო მეგობრებო და ოჯახის წევრებო, მანამ, სანამ თქვენ სასტუმროში 3 კვირაა გამოკეტილი ხართ, როგორი გრძნობაა იმის ცოდნა, რომ ჰოლივუდიდან რომ იყოთ, ჰონგ-კონგის მიერ დაწესებული კარანტინის ველური წესებისგან გაგათავისუფლებდნენ?"

"ოლიმპიური მედლების მფლობელებისთვის ჰონგ-კონგში კარანტინი სავალდებულოა, მაგრამ ნიკოლ კიდმანისთვის არა, რადგან ის ჰოლივუდის ვარსკვლავია და EXPATS უნდა გადაიღოს".

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ნიკოლ კიდმანი კარანტინის წესების დარღვევის შესახებ გააკრიტიკეს. 2020 წლის ივნისში მსახიობი ქმართან ერთად აშშ-დან ავსტრალიაში Nine Perfect Strangers-ზე სამუშაოდ ჩამოვიდა. ავსტრალიის ხელისუფლებამ მსახიობს სასტუმროში სავალდებულო კარანტინის ნაცვლად აღნიშნული პერიოდის სახლში გატარების უფლება მისცა.