5 ივლისის საქმეზე მოძრაობა სირცხვილიას აქტივისტები — ზუკა ბერძენიშვილი, მარიამ დოლიძე და სალომე ბარკერი პროკურატურამ დაზარალებულად ისევ არ ცნო.

"ამ ეტაპზე ჩატარებული გამოძიებით არ იკვეთება სირცხვილიას წევრების: ზურაბ ბერძენიშვილის, მარიამ დოლიძის და სალომე ნიკოლეიშვილის [სალომე ბარკერი] მიმართ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების და შესაბამისად, მათ მიმართ უშუალოდ დანაშაულის შედეგად ზიანის მიყენების ფაქტი", — ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.

"სამართლებრივი ბრძოლა გრძელდება", — აცხადებენ სირცხვილიაში.

პროკურატურამ სირცხვილიას დაზარალებულად ცნობაზე უარი პირველად 10 აგვისტოს უთხრა.

სირცხვილიას განცხადებით, 5 ივლისს სირცხვილიას ოფისზე თავდასხმის მომენტში მარიამ დოლიძე, ზუკა ბერძენიშვილი, სალომე ბარკერი და გიგა მაქარაშვილი ოფისში იყვნენ, როდესაც ძალადობრივი ჯგუფის წევრები მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის პარალელურად, კარის შემტვრევასა და ოფისში შეღწევას ცდილობდნენ.

5-6 ივლისს ჰომოფობიურ და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან უმრავლესობა მედიის წარმომადგენელია. ძალადობრივი ჯგუფები თავს დაესხნენ თბილისი პრაიდის, სირცხვილიასა და ადამიანის უფლებათა ცენტრის ოფისებსაც. 11 ივლისს, აქციაზე ნაცემი TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.

5-6 ივლისის ძალადობას წინ უძღოდა ქართული ოცნების ლიდერების განცხადებები იმაზე, რომ ღირსების მარშს მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ. 5 ივლისს, როცა უკვე დაწყებული იყო ძალადობა, ღარიბაშვილმა ისევ თბილისი პრაიდი გააკრიტიკა, რამდენიმე დღეში კი გაიმეორა ჰომოფობიური ჯგუფების გზავნილი პროპაგანდის შესახებ.

ჰომოფობიური და ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორები ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

წაიკითხე ასევე: