ავღანეთში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გასულ მოქალაქეებს თალიბებმა ცეცხლი გაუხსნეს. Aljazeera-ს ინფორმაციით, ჯალალაბადში, ქუჩაში ავღანეთის დროშებით გასულ ხალხს ესროლეს და შედეგად ორი ადამიანი დაშავდა; ქალაქ ასადაბადში, კი თალიბანის დაჯგუფების წევრებმა სულ მცირე ორი ადამიანი მოკლეს მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მოქალაქემ დაჯგუფების წევრი დანით დაჭრა.

მოქალაქეები 1919 წელს დადებული ხელშეკრულებისადმი მიძღვნილ დღეს აღნიშნავდნენ, რომლის შედეგადაც ცენტრალური აზიის ქვეყნებში ბრიტანეთის მმართველობა დასრულდა. პარალელურად კი თალიბანი, დამოუკიდებლობის დღეს ამერიკის შეერთებული შტატების "დამარცხების გამოცხადებით" აღნიშნავს.

თალიბები ქაბულის ქუჩებში ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ

თალიბები ქაბულის ქუჩებში ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ

ფოტო: Wakil Kohsar / AFP

"იყო დროშასთან დაკავშირებული ცალკეული საპროტესტო აქციები ქაბულში. ხალხი, მათ შორის ქალები, დადიან ქუჩებში თალიბანის მებრძოლების გვერდით, აფრიალებენ ძველ დროშას და ამბობენ: "ჩვენი დროშა არის ჩვენი ვინაობა", — ამბობს Aljazeera-ს კორესპონდენტი შარლოტა ბელისი ქაბულიდან.

ფოტო: EPA

თალიბანმა 15-16 აგვისტოს ავღანეთის დედაქალაქი ქაბული აიღო და განაცხადა, რომ "ომი დასრულდა". 15 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც თალიბანი დედაქალაქს მიადგა, ქვეყანა პრეზიდენტმა და მთავრობის რამდენიმე წევრმა დატოვა. მებრძოლები პრეზიდენტის სასახლეში შევიდნენ და ახლა ადმინისტრაციას ისინი აკონტროლებენ. თუმცა, ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელი ამ დრომდე ქვეყანაში რჩება. მათ შორის არის ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტი ამრულა სალეჰი, რომელიც მოსახლეობას თალიბანის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს.