ABC News-თან ინტერვიუში ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროები ავღანეთში იქამდე დარჩებიან, სანამ ამერიკის ყველა მოქალაქეს არ გამოიყვანენ.

"ამერიკელებს უნდა ესმოდეთ, რომ ჩვენ ამ პროცესის 31 აგვისტომდე დასრულებას შევეცდებით. თუ ამ ვადისთვის ამერიკელი მოქალაქეები კვლავ იქ იქნებიან, ჩვენ დავრჩებით, რათა ისინი გამოვიყვანოთ" — განაცხადა ჯო ბაიდენმა.

პრეზიდენტის თქმით, გარდა 10 000-დან 15 000-მდე ამერიკელისა, რომელთა ევაკუაციაც არის საჭირო, 50 000-დან 65 000-მდე ავღანელია, რომელთა გამოყვანაც აშშ-ს სურს.

თალიბანმა ავღანეთზე კონტროლი სწრაფად დაამყარა, იქამდე, სანამ შეერთებული შტატები თავის მოქალაქეებს გაიყვანდა. ქვეყანაში ქაოსი შეიქმნა, რის გამოც პრეზიდენტის ადმინისტრაციას აკრიტიკებენ. ადმინისტრაციამ აღიარა, რომ თალიბანმა ქვეყანა იმაზე სწრაფად აიღო, ვიდრე ამას თავად ელოდნენ.

ავღანეთის სხვადასხვა პროვინციის აღების შემდეგ, 15-16 აგვისტოს თალიბანმა დედაქალაქი ქაბულიც აიღო და განაცხადა, რომ "ომი დასრულდა". 15 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც თალიბანი დედაქალაქს მიადგა, ქვეყანა პრეზიდენტმა და მთავრობის რამდენიმე წევრმა დატოვეს. მებრძოლები პრეზიდენტის სასახლეში შევიდნენ და ახლა ადმინისტრაციას ისინი აკონტროლებენ. თუმცა, ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელი ამ დრომდე ქვეყანაში რჩება. მათ შორის არის ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტი ამრულა სალეჰი, რომელიც მოსახლეობას თალიბანის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს.

ავღანელების ნაწილი ქვეყნიდან გაქცევას ცდილობს, რის გამოც რამდენიმე დღის განმავლობაში ქაბულის აეროპორტში ქაოსი და დაძაბულობა იყო. არსებული ინფორმაციით, თალიბებმა ცეცხლი გაუხსნეს ადგილობრივებს და დაიღუპა რამდენიმე ადამიანი. თალიბები აცხადებენ, რომ ქვეყნის მართვას შარიათის კანონებით აპირებენ, რაც ნიშნვს, რომ ქალებს შეზღუდული უფლებები ექნებათ.

ქვეყნების უმრავლესობამ ქაბულში საელჩოები დახურა და დიპლომატიური კორპუსის გაყვანას ცდილობს. გამონაკლისი რუსეთი, ჩინეთი და ირანია, რომლებიც ამბობენ, რომ მუშაობას აგრძელებენ.