კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე კორონავირუსის პანდემიის დროს ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს მოუწოდებს, პირველ რიგში ღმერთს სთხოვონ დახმარება. მისი განცხადება საპატრიარქომ ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშრებით გაავრცელა, სადაც ილია მეორე მრევლს ამ დღესასწაულს ულოცავს. ის პანდემიაზე საუბრობს, თუმცა ერთხელაც არ ახსენებს ექიმებსა და ვაქცინას.

"ეს უდიდესი ზეიმი განსაკუთრებით მინდა მივულოცო პანდემიის გამო უძლურებაში მყოფ ჩვენს დებსა და ძმებს და, საერთოდ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ჩვენს სულიერ შვილებს. არ შეგეშინდეთ, არ დაბრკოლდეთ, ღმერთის იმედი გქონდეთ და, პირველ რიგში, დახმარება მას სთხოვეთ", — აცხადებს ილია მეორე.

ამასთან, კათოლიკოს პატრიარქის განცხადებაში აღნიშნულია, რომ "სიკვდილით არ მთავრდება ადამიანის სიცოცხლე და ფერისცვალება ამ საიდუმლო განგებულების დადასტურებაა". მისივე თქმით, "ყველა განსაცდელი ჩვენი სულიერი ფერისცვალებისათვის ხდება და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს".

"ამიტომაც, დღეს, ასევე, უნდა მოვიხსენიოთ უკვე მარადისობის მკვიდრი ჩვენი ახლობლები. ღმერთმა ყველა შეიწყალოს და თაბორის ნათლის მადლით განაბრწყინვოს", — წერია განცხადებაში.

გარდა ამისა, ილია მეორე მღვდელმთავრებსა და ეკლესია-მონასტრების წინამძღვრებს აძლევს კურთხევას, ყოველი დიდი დღესასწაულის და ყოველი კვირის წირვის შემდეგ კოვიდით და სხვა სნეულებით დაავადებულთათვის გადაიხადონ საჯანმრთელო პარაკლისი და "უფალს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შეავედრონ უძლურებაში მყოფი ჩვენი სულიერი შვილები".

მთელი პანდემიის პერიოდში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია რეკომენდაციების უგულებელყოფით გამოირჩეოდა. განსხვავებით მსოფლიო ეკლესიებისგან, საპატრიარქომ 2020 წლის გაზაფხულზე არ შეაჩერა ეკლესიებში მრევლის მიღება, ასევე, ერთი კოვზით ზიარება. ამ პერიოდში ტაძრების მხოლოდ ნაწილში დაცული იყო სოციალური დისტანცია, სხვა რეკომენდაციებს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები, მეტწილად, არ იცავდნენ. მეტიც, პანდემიის პიკში კონკრეტული სასულიერო პირები ანტივაქსერული განცხადებებით გამოირჩევიან.

აღსანიშნავია, რომ 12 აგვისტოს ეკლესიას პანდემიასთან ბრძოლაში თავისი როლი შეახსენა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მისი განცხადებით, "აუცილებელია, რომ ეკლესიამ ამ გადარჩენის გზაზე ბრძოლაში თავისი კუთვნილი და უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. ქართული ეკლესია მუდამ პიროვნული თავისუფლების არჩევანისა და პასუხისმგებლობის მხარეს იდგა და დღესაც დგას. თუმცა დღეს კურთხევის გარეშე ძნელი წარმოსადგენია მინიჭებული თავისუფლების რეალური განხორციელება. ასეთია დღეს ეკლესიის გამოწვევა და საპასუხისმგებლო არჩევანი, რამეთუ ეს ბრძოლა ყველამ ერთად უნდა მოვიგოთ".