"ძალიან რთული დღეებია, სულ ვგრძნობ, როგორ ახლოს ვარ სიკვდილთან" — ასე აფასებს ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ავღანელი ფოტოგრაფი და აქტივისტი რადა აკბარი Euronews-თან საუბრისას. რადა ამბობს, რომ ავღანელი ქალები ამას არ იმსახურებენ, თუმცა იმედის შენარჩუნება ძალიან ძნელია.

"არ ვიცი, რა მოხდება. არ ვიცი, რა იქნება მომავალში. ისიც კი არ ვიცი, ცოცხალი ვიქნები თუ არა, რომ მომავალი ვნახო. 'კარგი, ახლა უნდა გადავრჩეთ' — ერთმანეთს ამას დაუსრულებლად ვუმეორებთ, იმიტომ, რომ თუ მოვკვდებით, რაღა აზრი ექნება ისტორიების მოყოლას ჩვენს მიზნებსა და ოცნებებზე? ძალიან რთული დღეებია, სულ ვგრძნობ, როგორ ახლოს ვარ სიკვდილთან. ყოველი დღე უკანასკნელი მგონია და ასეთი მხოლოდ მე არ ვარ, ყველა, ვისაც ვიცნობ, იმავეს განიცდის. ჩვენ ამას არ ვიმსახურებთ.

ძალიან ძნელია, იმედი შეინარჩუნო. რეალისტურად თუ შევხედავ, სამწუხაროდ, ახლა ყველაფერი გაურკვეველია და მგონია, რომ უკეთესობისკენ მომავალშიც არაფერი შეიცვლება. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის და ჩემნაირებისთვის — ჩვენ ის უმცირესობა ვართ, რომელიც იბრძვის, ხმას იმაღლებს. თუ ჩვენს ნაწილს მოკლავენ, ამით დანარჩენებს გვაიძულებენ, რომ გავჩუმდეთ. ზუსტად ეს უნდათ — ცდილობენ, ყველა გააჩუმონ. ამას აკეთებდნენ მაშინაც, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და იმ ტერიტორიაზე, რომელიც მათი კონტროლის ქვეშაა, დღემდე იმავეს აკეთებენ", — ამბობს ის.

რადა ამბობს, რომ როდესაც ავღანეთში დაბრუნდა, მას და მის მშობლებს უკეთესი მომავლის იმედი ჰქონდათ, ახლა კი "ძალიან ბნელა, იმაზე მეტად, ვიდრე მაშინ, როდესაც წასვლა და ავღანეთის დატოვება მოუწიათ."

"შეუძლიათ, მომკლან ან გადამასახლონ, ფიზიკურ სხეულს ვგულისხმობ, მაგრამ ჩემს სულს ვერ მოკლავენ. ჩემს აზრებს ვერასოდეს წაშლიან, ვერ გააქრობენ. ჩემი ფიქრები შემდეგ თაობებს გადაეცემათ, ჩემთან ერთად ან ჩემ გარეშე. და მე მათ არასოდეს ვაპატიებ.

როდესაც ამერიკასა და საერთაშორისო საზოგადოებას ვეკითხები, რა აზრი ჰქონდა ამ ყველაფერს (20 წელი ბრძოლას), ვგულისხმობ, რისთვის? როცა ავღანეთში დავბრუნდით, ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი", — ამბობს ის.

ავღანელი უფლებადამცველი ქალი, მარი აკბარი ამბობს, რომ ავღანეთში ქალად ყოფნა მარტივი არ არის და ყოველთვის, როცა სახლიდან გადიან, არ იციან დაბრუნდებიან თუ არა უკან ცოცხლები.

"ამ ომის მსხვერპლი ძირითადად ქალები არიან. ჩვენ, იმის გამო, რომ ავღანეთიდან ვართ, ომის პერიოდში უზარმაზარი ფასი გადავიხადეთ და ახლა, მშვიდობის მისაღწევად, იმავეს გაკეთება კიდევ ერთხელ მოგვიწევს. ავღანეთში ცხოვრება რისკის გარეშე წარმოუდგენელია. აქ ქალად ყოფნა მარტივი არ არის. ქალების უფლებების დაცვა საფრთხეს კიდევ უფრო იზრდის და ეს კარგად მესმოდა. წარმოიდგინეთ , როდესაც დილას სახლიდან გავდივართ, არ ვიცით, უკან ცოცხლები დავბრუნდებით თუ არა, არ ვიცით, ჩვენი ოჯახის წევრებს კიდევ თუ ვნახავთ. ეს ჩვენი ყოველდღიურობაა", — ამბობს ის.

თალიბანი, რომელიც ავღანეთს 1996-2001 წლებში მართავდა, განსაკუთრებით სასტიკი იყო ქალების მიმართ. მათ აკრძალული ჰქონდათ განათლების მიღება, მუშაობა, გარეთ კაცის გარეშე გასვლა ან საჯაროდ ისეთი ტანსაცმლით სიარული, რომელშიც სხეულის რომელიმე ნაწილი ან სახე დაფარული არ ექნებოდათ. არასრულწლოვანი გოგოების დიდ ნაწილს მათზე ბევრად უფროს კაცებზე აქორწინებდნენ და ნებისმიერი წესის დარღვევის შემთხვევაში, სასტიკად, წამებით ან სიკვდილით სჯიდნენ. არსებული წესები 2001 წელს შეიცვალა, როდესაც აშშ-მ თალიბანის ძალაუფლება დაამხო. დღეს ყველაფერი ისევ შეიცვალა.

ავღანეთზე კონტროლის ხელში აღების შემდეგ თალიბანმა მედიასთან პირველი პრესკონფერენცია გამართა, სადაც თალიბანის პრესსპიკერმა, ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდმა ქალთა უფლებებზე ისაუბრა. მან ამ საკითხს "ძალიან მნიშვნელოვანი" უწოდა და თქვა, რომ მხარს უჭერენ ქალთა უფლებებს, თუმცა მხოლოდ შარიათის კანონის ფარგლებში.