პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ იარაღის ჩადებაზე განცხადებით გახარიას გუნდი ყურადღების მიქცევას ცდილობს.

"არ მგონია, რომ ეს ამ შემთხვევაში მაინცდამაინც დამაჯერებელი განცხადებები იყოს, თუმცა მესმის, რომ ცდილობენ დაიკავონ რაღაც პოლიტიკური ნიშა, ადგილი მონახონ და დაიმკვიდრონ, ყურადღება მიიქციონ და ამ თვალსაზრისით, ცდილობენ, რომ ასე ვთქვათ, დევნილის მანტია მოირგონ. სინამდვილეში ასეთი მეთოდებით, ასეთ ხერხებით რეალურად არც არავის ვუპირისპირდებით, ბუნებრივია, არც იქნება ასეთი პრეცედენტები მოსალონდელი და უბრალოდ, ლოგიკა არ არის ამ შემთხვევაში, რომ რაღაცა მსგავსი მეთოდები იქნას გამოყენებული", — განაცხადა სარჯველაძემ.

პარტია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერის, ანა ბუჩუკურის თქმით, მათი პარტიის მხარდამჭერს, აკაკი ბართაიას იარაღი ჩაუდეს და დააკავეს. მისივე განცხადებით, ბართაიას მანამდე ახლობლების მეშვეობით შეუთვალეს, რომ აქტიური პოლიტიკური საქმიანობა შეეწყვიტა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, დაკავებით დაემუქრნენ.