უამრავი მაყურებლისგან და კრიტიკოსისგან უკვე თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ სერიალად აღიარებული The Crown (გვირგვინი) კვლავ განაგრძობს ჩვენს გაოცებას.

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახზე გადაღებული ისტორიული დრამა მალე მეხუთე სეზონით დაბრუნდება: ამჟამად გადაღებები ბრიტანეთში მიმდინარეობს. იქამდე კი შეგვიძლია, ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონაჟების ახალი როლის შემსრულებლების პირველი კადრები ვიხილოთ, რომლებიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

გვირგვინის მეხუთე სეზონის სიუჟეტი ადრეულ 90-იანებში განვითარდება და პრინცესა დაიანას როლს ამჯერად ელიზაბეტ დებიკი მოირგებს. შეგახსენებთ, რომ წინა სეზონში ლედი დის პროტოტიპად ახალგაზრდა მსახიობი ემა კორინი მოგვევლინა.

ავსტრალიელმა მსახიობმა ელიზაბეტ დებიკმა ბოლოს მაყურებელს თავი კრისტოფერ ნოლანის ბლოკბასტერში Tenet შესრულებული როლით დაამახსოვრა.

ფოტო: Netflix

ნეტფლიქსმა გაავრცელა პრინცესა დაიანას ქმრის, პრინცი ჩარლზის ახალი როლის შემსრულებლის პირველი კადრიც: დედოფალ ელისაბედ II-ის უფროს ვაჟს ამჯერად დომინიკ უესტი განასახიერებს, რომელიც აქამდე ისეთ ცნობილ სატელევიზიო შოუებში იღებდა მონაწილეობას, როგორებიცაა The Affair და The Wire.

ფოტო: Netflix

აღსანიშნავია, რომ მეხუთე სეზონში დედოფალ ელისაბედ II-ის როლის შემსრულებელიც იცვლება: ოლივია კოლმანი ამ პატივს იმელდა სტონტონს გადაულოცავს, რომელსაც ბევრი ჰარი პოტერის ფილმებიდან იცნობს.

უკვე შეგვიძლია, პირველი კადრით ისიც შევაფასოთ ბრიტანეთის მონარქის როლში.

ფოტო: Netflix

ჯერჯერობით უცნობია, ამ სეზონში იქნება თუ არა ასახული პრინცესა დაიანას სიკვდილი, მაგრამ ვიცით, რომ სერიალი მეექვსე სეზონით სრულდება.

ისღა დაგვრჩენია, 2022 წლამდე მეხუთე სეზონის გამოსვლას დაველოდოთ და ისე გავიგოთ, ამჯერად რას გვიმზადებენ შოუს შემქმნელები.