შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 25 წლის პირმა კანადაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის სახელით Facebook-ის ყალბი პროფილი შექმნა, მისწერა ამ მოქალაქის ნათესავს აშშ-ში და მოტყუებით გადმოარიცხვინა 300 აშშ დოლარი. კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ თაღლითობაში ბრალდებული პირი უკვე დააკავა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ლ.-მ 2020 წლის დეკემბერში, კანადაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის სახელით სოციალურ ქსელ ფეისბუქზე დაარეგისტრირა მომხმარებლის ყალბი პროფილი, რის შემდეგაც დაიმატა მეგობრები და მათგან ერთ ერთს, ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ნ.ღ.-ს მისწერა თითქოს მის შვილს ჰქონდა ფინანსური პრობლემები, რის გამოც საქართველოში სასწრაფო უნდა გადაეგზავნა 300 აშშ დოლარი.

ნ.ღ-მ ჩათვალა, რომ რეალურად კომუნიკაცია ჰქონდა მის ნათესავთან, რის გამოც იმავე დღეს, სწრაფი გზავნილების საერთაშორისო სისტემის მეშვეობით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში, გ.ლ-ს სახელზე გამოგზავნა თანხა 300 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა გ.ლ.-მ გაანაღდა ერთ-ერთი კომერციული ბანკის ფილიალიდან, რითაც ნ.ღ-ს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი", — ვკითხულობთ წყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება სსსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაულები 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.