სტატია ქვეყნდება OC Media-სთან თანამშრომლობის ფარგლებში. ავტორები არიან ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც იყენებენ მათთვის მისაღებ ტერმინოლოგიას. მასალას ვაქვეყნებთ უცვლელად, თუმცა სტატიაში ნახსენებ ტერიტორიებს, რომლებიც მდებარეობს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, როგორც სახელმწიფო, ასევე On.ge-ს რედაქცია არ აღიარებს დამოუკიდებელ ერთეულებად. შესაბამისად, ადგილმდებარეობებსა და წოდებებთან მოიაზრება სიტყვები: "ოკუპირებული" და "დე-ფაქტო".

აფხაზი ჩინოვნიკებისთვის დაწესებული შემოსავლებისა და ქონების დეკლარაციის წარდგენის ვადის ამოწურვისთანავე გამოჩნდა, რომ მათ, ვინც ახალ ანტიკორუფციულ კანონს დაემორჩილა, გასაკვირად მოკრძალებული შემოსავალი აქვთ.

აქტივისტების მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ, რომელიც აქციებით და საპროტესტო შიმშილობით დასრულდა, მარტში აფხაზეთმა ახალი ანტიკორუფციული კანონი მიიღო.

შევიდა რა ძალაში პირველ ივლისს, კანონი ყველა საჯარო მოხელეს და მათ "ახლო ნათესავებს" თავიანთი ქონების და შემოსავლების დეკლარირებას ავალდებულებს. მაგრამ კრიტიკოსები ამბობენ, რომ მიღებული კანონი მათ მიერ შეთავაზებულის გამოშიგნული ვერსიაა.

აქამდე გამოქვეყნებული დეკლარაციების თანახმად, ოფიციალური პირების უმეტესობის ყოველთვიური შემოსავალი, დაახლოებით, 18 000-25 000 რუსული რუბლია (250-340 აშშ დოლარი), თითქმის არცერთ მათგანს არ აქვს შემნახველი ანგარიში და თითოეული საშუალოდ ერთ ევროპულ ან იაპონურ მანქანას ფლობს. მათი უმეტესობა ასევე მიუთითებს, რომ ფლობს ერთ, დაახლოებით, 50-200 კვ/მ უძრავ ქონებას.

დეპუტატები არ წარადგენენ დეკლარაციებს, რადგან მათ "Covid-19 აქვთ"

პარლამენტის დეპუტატებმა დეკლარაციები ვერ წარადგინეს, რადგან "მათ COVID-19 აქვთ". მიუხედავად იმისა, რომ დეკლარაციის წარდგენის ვადა პირველ აგვისტოს ამოიწურა, 420 სახელმწიფო ორგანიზაციიდან თავისი თანამშრომლების დეკლარაცია მხოლოდ ნახევარმა წარადგინა.

პარლამენტის წევრებიც კი ვერ პოულობენ დროს იმისთვის, რომ გამოაქვეყნონ თავიანთი შემოსავლები ისე, როგორც ამას კანონი მოითხოვს და შედეგად დეპუტატების არც ერთი ასეთი დეკლარაცია ჯერ არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი. 35 პარლამენტარიდან დოკუმენტი მხოლოდ 28-ს აქვს წარდგენილი და როგორც დეპუტატი გივი კვარჩია ამბობს, მათ, ვინც ეს არ გააკეთა, კარგი საბაბი აქვთ — ავად იყვნენ COVID-19–ით.

აფხაზეთის ეროვნული ბანკის მთავარი პრესსპიკერი, ლიანა აგრბა ერთ-ერთია ბანკის 46 თანამშრომელს შორის, რომლებმაც დეკლარაციები წარადგინეს.

"მთავარი გამოწვევა არაფრის გამოტოვებაა", — განუცხადა აგრბამ OC Media-ს.

"როდესაც დეკლარაციას ვავსებდი, გამიჭირდა იმის გახსენება, რამდენი კვადრატული მეტრია ჩემი სახლი და მიწის ნაკვეთები, მომიწია საბუთების მოძიება. ჩვენ თითქმის დაგვავიწყდა დედის პენსიის მითითება. ეს არ არის რთული ამოცანა, მაგრამ ამას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. ერთი კვირა დამჭირდა დეკლარაციის შესავსებად".

გარდა ამისა, კანონის მოთხოვნაა, რომ დეკლარაციები გამოქვეყნდეს გაზეთებში Apsny და Respublika Abkhazia, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ გაკეთებულა.

Respublika Abkhazia-ს მთავარი რედაქტორის, იური კურასკუას თქმით, გაზეთი კვლავ ელოდება მთავრობის ცხად მითითებებს.

"თუ ისინი გამოგვიგზავნიან დეკლარაციებს დღეს, გამოვაქვეყნებთ ხვალ და თუ ისინი გამოგზავნიან ერთ თვეში, გამოვაქვეყნებთ ერთ თვეში", — განუცხადა კურასკუამ OC Media-ს.

"ჩვენი ამოცანაა, შევასრულოთ კანონი და ჩვენ შევასრულებთ, მაგრამ დეკლარაციებისთვის არსად წავალთ".

დეკლარაციების დამუშავებასა და საკუთარ ვებგვერდზე ატვირთვაზე გადასახადებისა და მოსაკრებლების სამინისტროა პასუხისმგებელი. სამინისტროს სპიკერმა, გიორგი გაბუნიამ დაადასტურა, რომ დეკლარაციების წარდგენის პროცესი ნელა მიმდინარეობს. მისი თქმით, დეკლარაციების დაგვიანებული შევსებისთვის სანქციების დაწესება მათ უფლებამოსილებაში არ შედის.

"ჩვენი ამოცანაა მონაცემების შეგროვება, გადამოწმება და გამოქვეყნება ვებგვერდზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და პროკურატურას ასევე შეუძლიათ, განახორციელონ კონტროლი დეკლარაციაში მითითებული მონაცემების სიზუსტეზე", — განუცხადა გაბუნიამ OC Media-ს.

ხარვეზები შესრულებაში

აქტივისტი ასტამურ კაკალია, რომელიც კანონის მიღებას 2012 წლიდან უწევდა კამპანიას, კვლავ კრიტიკულია, როგორც მიღებული ვერსიის, ასევე კანონის განხორციელების მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ კანონი მოითხოვს, ოფიციალურ პირებმა მოახდინონ მათი საკუთრების და მიწის დეკლარირება, ისეთი დეტალები, როგორიცაა მისამართები, არ საჯაროვდება.

კაკალია ამტკიცებს, რომ ეს არის საგადასახადო სამსახურის არქივში მნიშვნელოვანი მონაცემების ჩამარხვის მცდელობა.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და პროკურატურის თანამშრომლები ვერ შეძლებენ, საკუთარი ინიციატივით შეამოწმონ თანამდებობის პირის დეკლარაცია. მათ მოუწევთ ოფიციალური მოთხოვნის წარდგენა საგადასახადო ოფისში და თუ დეპარტამენტების ხელმძღვანელები თანამდებობის პირების ნათესავები არიან, მათ შეუძლიათ, ადვილად დაბლოკონ წვდომა ამ ინფორმაციაზე", — განუცხადა კაკალიამ OC Media-ს.

კაკალიამ თქვა, რომ კანონმდებლობით სახლის მისამართები სახელმწიფო საიდუმლოებად არ ითვლება და შესაბამისად, ამ მონაცემების დამალვა დეკლარაციის კანონის დარღვევაა.

გენერალური პროკურატურის ოფისი არ პასუხობს კითხვას, როგორ გააკონტროლებენ სამართალდამცავი ორგანოები კანონის განხორციელებას.

თავად კანონში ნათქვამია, რომ მათ აქვთ უფლება, მოითხოვონ ამ დეკლარაციებში მოცემული ინფორმაციის დაზუსტება.

აქტივისტები, როგორიცაა კაკალია, აგრძელებენ გაფრთხილებას, რომ შეუძლებელია, პროკურორებმა მისამართებზე წვდომის გარეშე გამოიძიონ არადეკლარირებული ქონება, რომელსაც ოფიციალური პირები ქირაობენ, თუნდაც სახელმწიფო დაწესებულებებში.

"არ ვიცით, როგორ შეიძლება ამ მონაცემების გამოყენება"

ამ კანონს ბევრი ასევე არაფრად აგდებს ხელისუფლების პოლიტიკურ ოპოზიციიდან.

ყოფილ პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან ასოცირებული ჯგუფის — ომის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარემ, თემურ გულიამ 10 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ეს კანონი "არსებითად არაფერზეა".

მისი თქმით, თანამდებობის პირები თავის დაუსაბუთებელ ქონებას მარტივად გააფორმებენ იმ ნათესავებზე, ვისაც ეს კანონი არ ეხება.

გულიას განცხადებით, გეგმავენ, მოითხოვონ კანონის გადასინჯვა და მიღებულ იქნას იმ ფორმით, როგორც იყო ჩაფიქრებული — თანამდებობის პირები იყვნენ ვალდებულნი, რომ დეკლარაციები წარადგინონ დედმამიშვილების და ზრდასრული შვილების მონაცემებით.

პარლამენტში კანონის მიღების დროსაც კი, ბევრმა დეპუტატმა გამოთქვა შეშფოთება, რომ პროექტი არ იყო სათანადოდ შემუშავებული და არ გამოიღებდა იმ შედეგებს, რასაც აქტივისტები იმედოვნებდნენ. პარლამენტარებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი კანონის მიღებას სოხუმში მიმდინარე საპროტესტო შიმშილობის ფონზე.

ბევრმა მათგანმა, ვინც ქონების დეკლარირება მოითხოვა, ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები გამოთქვა.

მინისტრთა კაბინეტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ანდრეი გუნია ამტკიცებს, რომ ის მონაცემებიც კი, რომლებიც უკვე ქვეყნდება, შეიძლება გამოყენებულ იქნას აფხაზეთის მტრების მიერ.

"ყველაფერი, რასაც ოფიციალური პირები — ანუ აფხაზეთის სახელმწიფო აპარატი, ფლობენ, არის საჯარო დომეინში, ამ მონაცემების მოძიება და გაანალიზება შესაძლებელია აფხაზეთის გარეთაც", — განუცხადა გუნიამ OC Media-ს.

"ინფორმაცია დღეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი და გავლენის ინსტრუმენტი. დღეს ჩვენ არ ვიცით, როგორ შეიძლება ამ მონაცემების გამოყენება. მაგრამ ბევრი რამ შეიძლება ვივარაუდოთ", — შიშობს გუნია.

სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა OC Media-ზე.