პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის ეკონომიკაზე საუბრისას სავაჭრო ბაზრებზე გაამახვილა ყურადღება და ამ მხრივ, ქართული ოცნების ერთ-ერთ დამსახურებად რუსეთის ბაზრის გახსნა დაასახელა. მან თქვა, რომ ეს არის ბაზარი, რომლის ასათვისებლადაც ყველა მიისწრაფვის. ღარიბაშვილის განცხადებით, უნიკალური შესაძლებლობაა ევროკავშირის ბაზარიც.

"ჩვენ გავხსენით ბაზრები. მანამ, სანამ გასაღების ბაზარი იყო დაკეტილი, რა თქმა უნდა, ეს მოტივაციას უკარგავდა ადამიანს. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მოგეხსენებათ, რომ გავხსენით რუსეთის ბაზარი, რომელიც არის ერთ-ერთი უდიდესი ბაზარი მსოფლიოში და ყველა მიისწრაფვის ამ ბაზრის ასათვისებლად. ამას გარდა, ჩვენ გავხსენით ევროკავშირის ბაზარი, ყველაზე დიდი ბაზარი, 500 მილიონიანი მომხმარებლის ბაზარი, რომელიც არის, ასევე, უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი ფერმერებისთვის, რომ გაიტანონ საკუთარი პროდუქცია", — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ეს განცხადება აჭარაში, ქობულეთის მერობის კანდიდატად ლევან ზოიძის წარდგენისას გააკეთა. მან დღეს უკვე წარადგინა ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი, ზაზა დიასამიძე. დღეს, ასევე, იგეგმება ბათუმის მერობის კანდიდატის, არჩილ ჩიქოვანის წარდგენაც.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.