თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ავღანეთში ყველა მხარესთან დიალოგს აგრძელებენ, მათ შორის თალიბანთანაც. Daily Sabah-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჩავუშოღლუმ იორდანელ კოლეგასთან, აიმან საფადისთან ამანში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ჩვენ მივესალმებით თალიბანის მიერ გაგზავნილ პოზიტიურ გზავნილებს უცხოელებისთვის, დიპლომატიური მისიებისა და საკუთარი მოსახლეობისთვის. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ვნახავთ იმავე მიდგომას მათ ქმედებებში", — განაცხადა ჩავუშოღლუმ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ანკარა განიხილავს ავღანეთში გარდამავალ პროცესს და ქაბულის აეროპორტის უსაფრთხოების ბედს. მანვე აღნიშნა, რომ ეხმარებიან ქვეყნებს ქაბულის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაციის პროცესში.

"გასული კვირების განმავლობაში ჩვენ დავინახეთ, რომ თალიბანი სწრაფად მიიწევდა წინ ყველა პროვინციაში, აშშ-ს გასვლასთან და პრეზიდენტის მიერ ქვეყნის დატოვებასთან ერთად, ქაბულში ვაკუუმი შეიქმნა და თალიბანი დედაქალაქში შევიდა. მან მოიპოვა ქვეყანაზე ფაქტობრივი კონტროლი", — დასძინა ჩავუშოღლუმ.

ამავდროულად, იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, საფადმა თქვა, რომ მის ქვეყანას აქვს იმედი, რომ ავღანეთში ერთიან მთავრობას ნახავს.

"ვიმედოვნებთ, რომ ავღანეთის ერთიან მთავრობას ვიხილავთ, რომლის წევრებიც შეთანხმდებიან მექანიზმზე, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში მშვიდობასა და სტაბილურობას", — განაცხადა საფადმა.

თალიბანმა ავღანეთის დედაქალაქი ქაბულიც აიღო და განაცხადა, რომ "ომი დასრულდა". გუშინ, 15 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც თალიბანი დედაქალაქს მიადგა, ქვეყანა პრეზიდენტმა და მთავრობის რამდენიმე წევრმა დატოვა. მებრძოლები პრეზიდენტის სასახლეში შევიდნენ და ახლა ადმინისტრაციას ისინი აკონტროლებენ.

თავდაპირველად თალიბები ამბობდნენ, რომ ქალაქის ბრძოლით აღება და სისხლისღვრა არ სურთ, მხოლოდ შესასვლელთან გამაგრდებიან და ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებისთვის მოემზადებიან, თუმცა მოგვიანებით რამდენიმე დასახლებაში შევიდნენ — ქალაქში ისმოდა სროლის ხმა, არიან დაშავებულები. თალიბების მტკიცებით, ეს იმიტომ გააკეთეს, რომ პოლიციამ და მთავრობამ ქალაქი დატოვა და "წესრიგის უზრუნველყოფა" იყო საჭირო.

პრობლემურ საკითხად იქცა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოდ გაყვანა. აშშ-მ საელჩოს თანამშრომლების ევაკუაცია თალიბების მისვლისთანავე დაიწყო. ისინი ვერტმფრენით გადაიყვანეს ქაბულის აეროპორტში. ამავე აეროპორტიდან ახორციელებდნენ ევაკუაციას სხვა ქვეყნებიც. რამდენიმე საათში აეროპორტს ათასობით ადამიანი მიადგა, რომელსაც ავღანეთიდან გაქცევა სურდა — ისინი თვითმფრინავში შეჭრას ცდილობდნენ.

ქვეყნების უმრავლესობამ ქაბულში საელჩოები დახურა და დიპლომატიური კორპუსის გაყვანას ცდილობს. გამონაკლისი რუსეთი, ჩინეთი და ირანია, რომლებიც ამბობენ, რომ მუშაობას აგრძელებენ.

ქაბულში დილა თალიბანის მმართველობის ქვეშ გათენდა. ქუჩებს შეიარაღებული დაჯგუფებები აკონტროლებენ.