2021 წლის ყველაზე ეპიკური სიახლე, დიუნი, ჯერ ეკრანებზეც არ გამოჩენილა, თუმცა, მისი რეჟისორი, დენის ვილნევი, უკვე მეორე ნაწილზე ფიქრობს. იგი ფრენკ ჰერბერტის საი-ფაი რომანის ეკრანიზაციას მხოლოდ იმ პირობით დათანხმდა, რომ წიგნის ორ ფილმად გაყოფის შესაძლებლობა ექნებოდა. კინოსტუდია ამ შეთანხმებაზე დაყაბულდა, ამიტომ, ფილმი, რომელიც წელს გამოვა, ეკრანიზაციის ორი ნაწილიდან მხოლოდ პირველია.

თუკი ამ ნაწილში მთავარ მოქმედ პირად ტიმოთი შალამეს პერსონაჟი გვევლინება, მეორე ნაწილში პროტაგონისტის როლს ზენდეიას განსახიერებული გმირი, ჩანი, მოირგებს.

"როცა ჩანის პერსონაჟის როლზე ქასთინგი ჩავატარეთ, ბევრ მსახიობს შევხვდი", — ამბობს ვილნევი, — "ზენდეიას ქასთინგში მონაწილეობა სურდა, თუმცა, ფილმის გადაღების შემდეგ, როცა ვნახე, რა შესანიშნავი მსახიობია, ვწუხვარ, რომ ამაზე დავთანხმდი. ეს, უბრალოდ, იმიტომ მოხდა, რომ არ ვიცნობდი. თუმცა, ქასთინგის დღეს იმდენად მომხიბლა, სტუდიიდან რომ წავიდა, ზუსტად ვიცოდი, ჩანი, უდაბნოს ნორჩი ვეფხვი, ის იქნებოდა. სიამაყით წარმოგიდგენთ ორ უდიდეს ნიჭს [შალამეს და ზენდეიას] ეკრანზე და ერთი სული მაქვს, როდის დავაბრუნებ გადასაღებ მოედანზე მათ მეორე ნაწილისთვის. ამბის მომდევნო თავში კი პროტაგონისტი ზენდეია იქნება".

ამავე ინტერვიუში ვილნევმა განაცხადა, რომ მისი მთავარი მიზანი ფილმის გადაღებისას მისი დამაჯერებლობა იყო.

"განსხვავებულის ძიებაში არ ვიყავი. ჩვეულებრივი დღის შუქი მინდოდა და არა წარმოუდგენელი აისები ან დაისები", — ამბობს რეჟისორი, — "მსურდა, ფილმი გასაგები ყოფილიყო. მხოლოდ ამ შემთხვევაში კონცენტრირდებოდნენ მაყურებლები პერსონაჟებსა და მათ ურთიერთობებზე, ნაცვლად ფილმის აგებულებისა".

დიუნის მსოფლიო პრემიერა 3 სექტემბერს, ვენეციის კინოფესტივალზე შედგება. კინოთეატრებსა და HBO Max-ზე კი მაყურებელი ნამუშევარს 22 ოქტომბრიდან იხილავს.