სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, გურამ იმნაძე (სოციალური სამართლიანობის ცენტრი), გიორგი ონიანი (საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო) და გიორგი მშვენიერაძე (საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა) მათი შესაძლო უკანონო მოსმენისა და მიყურადებაზე რეაგირებისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართავენ.

საქმე ეხება მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ საკუთარ გადაცემაში წაკითხულ ინფორმაციას, სადაც საუბარია აქტივისტებზე, პოლიტიკოსებზე, სასულიერო პირებზე, ჟურნალისტებზე, ბიზნესმენებზე, საჯარო მოხელეებზე თვალთვალსა და მოსმენებზე. გვარამიას თქმით, მის მიერ მოპოვებული დოკუმენტები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეკუთვნის.

იმნაძე, ონიანი და მშვენიერაძე ადასტურებენ ამ დოკუმენტებში ასახული მათი საუბრის ნამდვილობას. მათი თქმით, საუბარი 2020 წლის ივნისში შედგა და ეხებოდა სოციალური სამართლიანობის ცენტრის ერთ-ერთი დირექტორის, თამთა მიქელაძის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაბარებას.

"ამ ფაქტიდან გასულია 1 წელზე მეტი და არც ერთი განმცხადებელი ინფორმირებული არ ყოფილა შესაბამისი სამსახურებიდან, რომ მათ მიმართ ხორციელდებოდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები", — აცხადებენ სოციალური სამართლიანობის ცენტრში.

განმცხადებლები აცხადებენ, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ინსპექტორის სამსახურის მხრიდან აღნიშნული საკითხების სრულყოფილი შესწავლა და შესაძლო კანონდარღვევებზე ეფექტიანი რეაგირება.

გაიგე მეტი: