Facebook თალიბანთან დაკავშირებული კონტენის გავრცელებას კრძალავს. სოციალური მედიის გიგანტი განმარტავს, რომ თალიბანს ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ, ამიტომ მათ პლატფორმაზე არ დაუშვებენ კონტენტს, რომელიც დაჯგუფებას მხარს უჭერს.

კომპანიის განცხადებით, მათ ჰყავთ ავღანელი ექსპერტების ჯგუფი, რომლებიც თალიბანთან დაკავშრებულ კონტენტს გააკონტროლებენ და წაშლიან.

თალიბანი სოციალურ ქსელს წლების განმავლობაში იყენებდა საკუთარი გზავნილების გასავრცელებლად.

"აშშ–ის კანონმდებლობის საფუძველზე, თალიბანს, როგორც ტერორისტულ ორგანიზაციას სანქცია დაეკისრა და ავუკრძალეთ მათ ჩვენი პლატფორმებით სარგებლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვშლით თალიბანისა და მათი სახელით შექმნილ ანგარიშებს, ვკრძალავთ მათ ქებასა და მხარდაჭერას", ­– აღნიშნა Facebook–ის წარმომადგენელმა BBC-თან ინტერვიუში.

მისივე განმარტებით, ეს ეხება კომპანიის ყველა პლატფორმას, მათ შორის, Instagram–სა და WhatsApp-ს, რადგან არსებობს ინფორმაცია, რომ თალიბები კომუნიკაციისთვის ამ სოციალურ ქსელებსაც იყენებენ.

არსებული ინფორმაციით, თალიბანი კომუნიკაციისთვის WhatsApp-ს იყენებს. BBC-ს ფეისბუქში განუცხადეს, რომ ამას გააკონტროლებენ.

თალიბანთან დაკავშირებული შინაარსის გავრცელების პრობლემის წინაშე სხვა სოციალური პლატფორმებიც დგანან. Twitter–ის წესების თანახმად, აკრძალულია ტერორიზისა და ძალადობის პროპაგანდა, თუმცა თალიბანი პლატფორმას საკუთარი მიმდევრების ინფორმირებისთვის იყენებს. BBC ამბობს, რომ YouTube-საც მიმართეს, თუმცა მათგან პასუხები არ მიუღიათ.