დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ თუ 15 სექტემბრისთვის ისეთივე ეპიდსიტუაცია იქნება, როგორიც ახლაა, NCDC სწავლის განახლების რეკომენდაციას ვერ გასცემს. მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, განახლდება თუ არა სასწავლო პროცესი ბაღებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში, თუ ინფიცირებისა და ვაქცინაციის ტემპი იგივე იქნება, რაც ახლაა.

"ღმერთმა არ ქნას, თუ ამ ტიპის ეპიდსიტუაცია იქნა სექტემბრის 15-სთვის, როცა სწავლა უნდა დაიწყოს, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ გასცემს რეკომენდაციას სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით. მაგრამ ჩვენ ველით, რომ ამ შეზღუდვებმა, აცრების ინტენსიფიკაციამ სერიოზულად უნდა შეამციროს ახალი შემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში. დადებითობის მაჩვენებელი თუ ჩამოვიდა 4%-ს დაბლა, დღეს გვაქვს დაახლოებით 10%-ის ფარგლებში, მაშინ, რა თქმა უნდა, დადგება საკითხი სწავლის განახლების შესახებ", — განაცხადა გამყრელიძემ.