აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გააუქმოს ბელორუსის უსაფრთხოების სამსახურთან გაფორმებული ხელშეკრულება და ამით აჩვენოს, რომ დასავლეთთან ერთადაა და არა პუტინის აღმოსავლეთთან ერთად.

"სად მიდიხარ საქართველოს მთავრობავ? თქვენ გამოხვედით ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებიდან და გააორმაგეთ ფსონი ამ დოკუმენტზე. დაგვიმტკიცეთ, რომ თქვენ წილი არ გიყრიათ სისხლიან ავტორიტარულ რეჟიმთან. გააუქმეთ. აჩვენეთ, რომ დასავლეთთან ერთად ხართ და არა პუტინის აღმოსავლეთთან ერთად", — წერს კელი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.

13 აგვისტოს ბელარუსის ოფიციალურ საკანონმდებლო ვებსაიტზე დოკუმენტი გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თანამშრომლობას აფორმებენ. დოკუმენტი 2016 წელს არის ხელმოწერილი, რომელიც ბელარუსში ძალაში შევიდა.

თავად სუს აცხადებს, რომ ბელარუსის უშიშროების კომიტეტთან გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულება მხარეებს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებას არ ავალდებულებს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება 2016 წელს გაფორმდა. უწყების ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ შეთანხმება მიზნად ისახავს მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას ტერორიზმის, კორუფციისა და სხვა სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.

გაიგე მეტი: