პენტაგონის პრესმდივანი მიიჩნევს, რომ მიუხედავად თალიბანის სწრაფი წინსვლისა, ავღანეთის ეროვნულ არმიას "ხელშესახები უპირატესობა" გააჩნია და დროა, ეს უპირატესობა გამოიყენოს. ჯონ კირბის განცხადებას BBC ავრცელებს.

მისივე თქმით, პენტაგონი ორიენტირებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დახმარებაზე, რომლებიც მუშაობენ ამერიკის მოქალაქეების და ავღანელების ევაკუაციაზე, რომლებიც ცდილობენ სპეციალური საემიგრაციო ვიზის მიღებას. ეს ვიზა განკუთვნილია მათთვის, ვინც ამერიკელ სამხედროებთა ერთად მუშაობდა.

თალიბანმა ავღანეთის დედაქალაქი ქაბულიც აიღო და განაცხადა, რომ "ომი დასრულდა". გუშინ, 15 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც თალიბანი დედაქალაქს მიადგა, ქვეყანა პრეზიდენტმა და მთავრობის რამდენიმე წევრმა დატოვა. მებრძოლები პრეზიდენტის სასახლეში შევიდნენ და ახლა ადმინისტრაციას ისინი აკონტროლებენ.

თავდაპირველად თალიბები ამბობდნენ, რომ ქალაქის ბრძოლით აღება და სისხლისღვრა არ სურთ, მხოლოდ შესასვლელთან გამაგრდებიან და ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებისთვის მოემზადებიან, თუმცა მოგვიანებით რამდენიმე დასახლებაში შევიდნენ — ქალაქში ისმოდა სროლის ხმა, არიან დაშავებულები. თალიბების მტკიცებით, ეს იმიტომ გააკეთეს, რომ პოლიციამ და მთავრობამ ქალაქი დატოვა და "წესრიგის უზრუნველყოფა" იყო საჭირო.

გუშინ დილიდანვე პრობლემურ საკითხად იქცა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოდ გაყვანა. აშშ-მ საელჩოს თანამშრომლების ევაკუაცია თალიბების მისვლისთანავე დაიწყო. ისინი ვერტმფრენით გადაიყვანეს ქაბულის აეროპორტში. ამავე აეროპორტიდან ახორციელებდნენ ევაკუაციას სხვა ქვეყნებიც. რამდენიმე საათში აეროპორტს ათასობით ადამიანი მიადგა, რომელსაც ავღანეთიდან გაქცევა სურდა — ისინი თვითმფრინავში შეჭრას ცდილობდნენ, აეროპორტში ამ დრომდე უკონტროლო სიტუაციაა.

ქვეყნების უმრავლესობამ ქაბულში საელჩოები დახურა და დიპლომატიური კორპუსის გაყვანას ცდილობს. გამონაკლისი რუსეთი და ჩინეთია, რომლებიც ამბობენ, რომ მუშაობას აგრძელებენ.

ქაბულში დილა თალიბანის მმართველობის ქვეშ გათენდა. ქუჩებს შეიარაღებული დაჯგუფებები აკონტროლებენ.