დღევანდელი მონაცემებით მსოფლიოში დაახლოებით 50 მილიონი ადამიანი იტანჯება დემენციის რაიმე ფორმით და ეს რიცხვი ზრდას განაგრძობს. მიუხედავად ამისა, ამ დაავადების შესახებ არც ისე ბევრი რამ ვიცით: პაციენტების უმრავლესობის შემთხვევაში დაავადების გამომწვევი მიზეზი უცნობია, დიაგნოზის დასმა კი, შესაძლოა, ხანგრძლივი და რთული პროცესი აღმოჩნდეს.

თუმცა, შესაძლოა, მომავალში ეს მდგომარეობა ცოტა გაუმჯობესდეს. კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერები მანქანური დასწავლის ახალ ალგორითმს ცდიან, რომელსაც დემენციის დიაგნოზის დასმა სულ რაღაც ერთ დღეში შეუძლია და იგი დაავადების გამოვლენას სიმპტომების განვითარებამდე წლებით ადრე ახერხებს.

"ტრადიციულად, როდესაც პაციენტის ტვინის სურათს ვუყურებთ, ვეძებთ გარკვეულ ნიმუშებს ისეთი ფაქტორების გამოსარიცხად, როგორებიცაა ინსულტი და ტვინის სიმსივნეები", — განმარტა კვლევის ხელმძღვანელმა, ტიმოთი რიტმანმა. "კომპიუტერს ამის გაკეთება ბევრად უკეთ შეუძლია, ვიდრე ნებისმიერ ადამიანს".

კვლევაში, რომელიც კემბრიჯში, ადენბრუკის საავადმყოფოში ტარდება, აქამდე 80-მდე პაციენტმა მიიღო მონაწილეობა. მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვი პირველი წლის მანძილზე 500-მდე გაიზრდება. იმ შემთხვევაში, თუ AI ხელსაწყო წარმატებით გაივლის შემოწმებას, შესაძლოა, იგი დიდ ბრიტანეთში პაციენტებში დემენციის დიაგნოზირებისთვის გამოიყენონ.

ალგორითმი პაციენტის ტვინის სურათს დემენციით დაავადებული ათასობით პაციენტის ტვინის სურათს ადარებს და მასთან ერთად იყენებს სტანდარტული მეხსიერების ტესტს იმისთვის, რომ საკუთარ თავს დაავადების გამოვლენა ასწავლოს. მან უკვე აჩვენა, რომ შეუძლია ამ მდგომარეობის ისეთი შეუმჩნეველი ნიშნების იდენტიფიცირება, რომლებიც, შესაძლოა, ექსეპრტ ნევროლოგებსაც გამორჩეთ. ამ ნიშნებს შემდეგ იგი მონაცემთა ბაზიდან სხვა პაციენტების შედეგებს ადარებს.

ეს ძალიან კარგი სიახლეა, რადგან ალგორითმი არამხოლოდ აჩქარებს დიაგნოზირების პროცესს, ასევე ნაკლებად ინვაზიურს ხდის მას პაციენტებისთვის.

"იმ შემთხვევაში, თუ მალევე მოხდება დიაგნოზის დასმა, ადრეულ ეტაპზევე გახდება შესაძლებელი მკურნალობის დაწყება", — განუცხადა BBC-ს ალგორითმის შემქმნელმა ზოი კოურციმ. "შედეგად, შევძლებთ შევანელოთ დაავადების განვითარება და თავიდან ავიცილოთ მისი ზიანი. ეს გაზრდის იმის ალბათობას, რომ სიმპტომები პაციენტს ბევრად უფრო გვიან, ან საერთოდ არ გამოვლინდება".

არ არსებობს დემენციის ორი იდენტური შემთხვევა — ეს ამ დაავადების მქონე პაციენტებს კიდევ უფრო ურთულებს ცხოვრებას. ზოგიერთი პაციენტი დიდი ხნის მანძილზე შედარებით სტაბილურ მდგომარეობაშია, დანარჩენების მდგომარეობა კი სწრაფად უარესდება. ეს ადამიანები და მათი ოჯახის წევრები ხშირად უიმედოდ გრძნობენ თავს ამ გაურკვევლობის წინაშე. თუმცა, მათი ტვინის სურათების ძველი პაციენტების სურათებთან შედარებით, ახალი ალგორითმი არამხოლოდ დემენციის დიაგნოზს სვამს, არამედ იმის გამოვლენაც შეუძლია, თუ რას უნდა ელოდოს ეს პაციენტი. დაავადების განვითარების შესახებ მეტი ინფორმაციის ცოდნა კი მათ მომავლის დაგეგმვაში დაეხმარება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.