ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ივლისში უცხოეთიდან 208,4 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილი მივიღეთ — ეს ერთ თვეში მიღებული გზავნილების მოცულობებს შორის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

გზავნილების სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის ივლისში გადმორიცხული თანხების მოცულობა გასული წლის იმავე თვის მონაცემს 10,4%-ით აჭარბებს.

ქვეყნებს შორის, ყველაზე მეტი გზავნილი რუსეთიდან ($40,1 მილიონი), იტალიიდან ($33,3 მილიონი) და აშშ-დან ($25,5 მილიონი) მივიღეთ.

რაც შეეხება იანვარ-ივლისის სტატისტიკას, უცხოეთიდან მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში 1,29 მილიარდი დოლარი მივიღეთ, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 34,8%-ით მეტია.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივლისში საქართველოდან უცხოეთში 26,7 მილიონი დოლარი გადაირიცხა. ქვეყნებს შორის, ყველაზე მეტი თანხა რუსეთსა ($7,6 მილიონი) და თურქეთში ($5,5 მილიონი) გაიგზავნა.