დოიჩე ველე აკადემია 5 ივლისს საქართველოში ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობითა და დეზინფორმაციული კამპანიით დაინტერესდა. ამ თემაზე DW Akademie მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელს თამარ კინწურაშვილს ესაუბრა. გთავაზობთ ინტერვიუს "ვგრძნობთ, რომ მარტო დავრჩით" — დეზინფორმაცია და ძალადობა საქართველოში" ქართულ თარგმანს.

თბილისში, ბოლო პერიოდში გამართული საპროტესტო აქციების დროს, რადიკალურმა მემარჯვენე დაჯგუფებამ ჟურნალისტებზე იერიში მიიტანა. თამარ კიწურაშვილი ფიქრობს, რომ ინციდენტი დეზინფორმაციული კამპანიების შედეგია. სწორედ ამას ებრძვის ის რამდენიმე წელია თავის გუნდთან ერთად.

თამარ კინწურაშვილი საქართველოს მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ფაქტების გადამოწმების პორტალის, “მითების დეტექტორის” მთავარი რედაქტორი და მედია ეთიკისა და კვლევის მეთოდების მიმართულებით ასოცირებული პროფესორია. “მითების დეტექტორი” ყალბი ამბების გამოვლენასა და კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობას ემსახურება. DW Akademie-სთვის მიცემულ ინტერვიუში თამარ კინწურაშვილი საქართველოში გამართულ საპროტესტო აქციებზე საუბრობს და მოგვითხრობს, როგორ ებრძვიან ის და მისი კოლეგები დეზინფორმაციულ კამპანიებს.

თამარ, ივლისში მომხდარი ინციდენტი უკავშირდება ღირსების მარშს, რომელიც შემდეგ გაუქმდა. ორმოცდაცამეტი ჟურნალისტი დაშავდა, მათი ნაწილი — მძიმედ. ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა ჯერ საავადმყოფოში მოხვდა, შემდეგ გამოწერეს და მოგვიანებით გაურკვეველ ვითარებაში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. საიდან მოდის ეს სიძულვილი?

პირველ რიგში, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ეს საკითხი მხოლოდ და მხოლოდ ლგბტქ უფლებებს არ უკავშირდება. ჩვენი აზრით, ეს უფრო მეტად საქართველოში არსებული სხვადასხვა ულტრაკონსერვატიული, საეკლესიო ან ნაციონალისტური ჯგუფის მიერ ინტერნეტში თუ კონკრეტულ მედიებში გავრცელებული ანტიდასავლური, ანტილიბერალური ნარატივების გამოვლინება ან შედეგია. ამაში შედის ყალბი ინფორმაციის იმ მიზნით გავრცელება, რომ ვნებათაღელვა და, შედეგად, ძალადობრივი ქმედებები გამოიწვიოს.

თამარ კინწურაშვილი, მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი

ფოტო: MDF

ამ შემთხვევაში, თავდასხმა ლგბტქ თემის მხარდამჭერ აქტივისტებს ნაკლებად მიემართებოდა. ის მიმართული იყო ჟურნალისტებზე, რომელთაც ხშირად ანტიქართული ღირებულებების გამავრცელებლებად წარმოაჩენენ. თავდასხმების ნაწილს პოლიცია შეესწრო, მაგრამ არ ჩარეულა. როცა სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ იცავენ მოქალაქეებს აგრესიული ექსტრემისტული ჯგუფებისგან და დარბევის ორგანიზატორები, რომლებიც ღიად მოუწოდებდნენ ხალხს ძალადობისკენ, ხელშეუხებელნი რჩებიან, ცხადი ხდება ერთი გზავნილი: უმცირესობები დაცულები არ არიან და ჟურნალისტების გვერდით არავინ დგას. ჩვენ უფრო და უფრო მეტად ვგრძნობთ, რომ მარტო დავრჩით.

რა სახის ყალბ ან შეცდომაში შემყვან განცხადებებზე ვსაუბრობთ და ვინ ავრცელებს მათ?

ერთი მაგალითი ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებული დისკურსია. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ოფიციალურად ისევ მიმდინარეობს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში სიკვდილის შესაძლო მიზეზები ჩამოთვალა და მათ შორის ნარკოტიკებით ზედოზირების ვერსია გაკვრით ახსენა. მანამ, სანამ შსს ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებდა, ლაშქარავას შესახებ პირადი ინფორმაცია უკვე სოციალურ მედიაში ზიარდებოდა.

ჟურნალისტები პატივს მიაგებენ ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას, რომელიც ივლისში, ღირსების მარშის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობიდან რამდენიმე დღეში , გარდაიცვალა.

ფოტო: Shakh Aivazov / AP / dpa / picture alliance

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო, რათა მიეგნო ამ ინფორმაციის პირველწყაროსთვის. გაჟონილი ინფორმაციის თანახმად, ლაშქარავას სიკვდილს ოპიოიდით ზედოზირებასთან სხვადასხვა აქტორები აკავშირებდნენ. მათ შორის იყვნენ ძალადობრივი ჯგუფის ის წევრები, რომლებიც მას თავს დაესხნენ. ეს მოსაზრებები აიტაცეს სახელისუფლებო მედიაგამოცემებმა და იმ ფეისბუქანგარიშებმა, რომლებიც თავს მიუკერძოებელ საინფორმაციო პლატფორმებად ასაღებენ, მათ შორის ერთი ლაშქარავას გარდაცვალების დღეს შეიქმნა. ჩვენ ეს შემთხვევა გამოვიძიეთ და ანგარიში ფაქტების გადამოწმების და მითების გამომჟღავნების ჩვენს პლატფორმაზე, მითების დეტექტორზე გამოვაქვეყნეთ.

როგორ ფიქრობთ, რატომ არ დგამს სახელმწიფო ამ ჯგუფების წინააღმდეგ უფრო ქმედით ნაბიჯებს?

საქართველო ძალიან კონსერვატიული ქვეყანაა და მართლმადიდებლურ ეკლესიას აქ ძალიან ძლიერი გავლენა აქვს. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თავდასხმებამდე განაცხადა, რომ დემონსტრაციის ჩატარება "მიზანშეუწონელი" იყო და, შესაძლოა, ამას სამოქალაქო დაპირისპირება მოჰყოლოდა. მან მოგვიანებით თქვა, რომ მოსახლეობის 95 პროცენტისთვის ღირსების მარში მიუღებელია და მისი ორგანიზატორები ოპოზიციასთან არიან დაკავშირებულები.

ამ რთული ვითარების პარალელურად, თქვენ როგორ ახერხებთ ფაქტების გადამოწმებას?

ჩვენ ფაქტებს ღია წყაროებზე დაყრდნობით ვამოწმებთ. პირველი ნაბიჯი ამა თუ იმ გზავნილის ავტორის იდენტიფიცირება. შემდეგ კი დისკურსს ვაანალიზებთ. ინფორმაციის შეგროვებით, მაგალითად, სოციალური მედიის ანგარიშის მფლობელის დადგენით, მათ მიერ გამოყენებული პირველადი წყაროების მიკვლევით, ჩვენ მათ განცხადებებს კონტექსტს ვარგებთ და განზრახვებს ნათელს ვფენთ.

ამჟამად ძალიან ბევრი ყალბი ანგარიშია შექმნილი, განსაკუთრებით ფეისბუქზე. ისინი თავს სანდო ამბების მომწოდებელ პლატფორმებად წარმოაჩენენ. ჩვენ მრავალი ასეთი ანგარიში გამოვავლინეთ. ჩვენ, როგორც ფეისბუქის პარტნიორები, კვლევას ვატარებთ, ყალბ კონტენტს ფეისბუკზე თვალსაჩინოდ ვნიშნავთ და აუდიტორიას ალტერნატიულ ინფორმაციას ვაწვდით. იქიდან გამომდინარე, რომ ამას მაღალი ხილვადობა აქვს და ფეისბუქი წარსულში რეგულირებული არ იყო, ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ ჩვენ პასუხისმგებლები ვართ გვერდების გაუქმებაზე და ფეისბუქზე მათთვის ნებისმიერი პრობლემის შექმნაზე, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენ მხოლოდ ფაქტებს ვამოწმებთ და ყალბ ინფორმაციას შესაბამისად ვნიშნავთ. ძალიან ბევრი შესაძლო საფრთხე და გაუგებრობა მოსდევს ამას, რაც ჩვენდამი სიძულვილის ენის გამოყენებასა და შევიწროებაში გადაიზრდება.

მაგალითი, თუ როგორაა მითითებული ფეისბუქზე ყალბი ინფორმაცია. მომხმარებლებს შეუძლიათ ბმულზე დაჭერით ნახონ მისი ახსნა და წაიკითხონ შესაბამისი სტატია მითების დეტექტორზე. კონკრეტულად ეს პოსტი ამტკიცებს, რომ უკრაინულმა პოლიციამ LGBTQ მარშის დაცვაზე უარი თქვა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

ფოტო: DW Akademie

მომავლის შეფასებისას, რა პერსპექტივები არსებობს საქართველოში იმისთვის, რომ დეზინფორმაცია გაკონტროლდეს?

მოკლე ვადაში მოსალოდნელია სიტუაციის გაუარესება, განსაკუთრებით ადგილობრივი მედიისთვის. ოქტომბერში საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება და ვვარაუდობთ, რომ ამ საკითხის ირგვლივ ბევრი დეზინფორმაცია გავრცელდება. არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის ფაქტჩეკერები, როგორიც ვართ ჩვენ, დიდი ალბათობით, ანტიქართულ ელემენტებად ან უცხოურ აგენტებად იქნებიან წარმოჩენილები.

ჩვენი უდიდესი საფიქრალი ისაა, რომ ისეთივე პირობებში აღმოვჩნდებით, როგორშიც რუსეთია, სადაც ორგანიზაციები, რომლებიც სრულად ან ნაწილობრივ ფინანსდებიან საზღვარგარეთიდან, კანონის ძალით იქნებიან დარეგისტრირებულები "უცხოურ აგენტებად". თუმცა, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, მე მჯერა, რომ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია. საქართველოს ჰყავს ენერგიული სამოქალაქო საზოგადოება და ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება, მათ შორის სიტყვის და ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული კანონის ცვლილება, იქნება ჩვენი ავტორიტარული წარსულისკენ გადადგმული ნაბიჯი. ასე რომ, ჩვენ ვიბრძოლებთ და დავიცავთ თავისუფლებასა და კანონმდებლობას, რომელიც ჩვენს ქვეყანას რეგიონში უნიკალურს ხდის.

მითების დეტექტორს მხარს უჭერს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო.

სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა დოიჩე ველე აკადემიაში (DW Akademie).