ილონ მასკმა ტვიტერზე Blue Moon-ის, ჯეფ ბეზოსის Blue Origin-ის მიერ შექმნილი, მთვარეზე დასაჯდომი ხომალდის ფოტო დადო და დასცინა.

მან ტვიტი მას შემდეგ დადო, რაც Blue Origin-მა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა NASA SpaceX-თან დადებული 2,9 მილიარდიანი კონტრაქტის გამო, რომელიც ადამიანის მთვარეზე დასმას ითვალისწინებს.

Blue Origin-მა განაცხადა, რომ ისინი გააგრძელებენ NASA-ს გადაწყვეტილების წინააღმდეგ ბრძოლას, რადგან თვლიან, რომ SpaceX-მა კონტრაქტი დაუმსახურებლად მიიღო.

Blue Origin-ის განცხადების საპასუხოდ, რომელიც Washington Post-ის ჟურნალისტმა, ქრისტიან დავენპორტმა გაასაჯაროვა, მასკმა Blue Moon-ის ფოტო დატვიტა და დასცინა — "რაღაც არადამაჯერებლად გამოიყურება".

ფოტოზე გამოსახული მოწყობილობა Blue Origin-ის მთვარეზე დასაჯდომი აპარატის კონცეპტია. ფოტო პირველად რედიტზე 2019 წელს დაიდო.

აპრილში ნასამ გააფორმა კონტრაქტი ილონ მასკის კომპანიასთან იმისათვის, რომ 2024 წელს SpaceX-მა Starship-ის მეშვეობით მთვარეზე ადამიანები დასვას. SpaceX-მა ორ კონკურენტს, ჯეფ ბეზოსის Blue Origin-სა და აშშ-ს თავდაცვის ძალებთან მომუშავე Dynetics-ს აჯობა.