საქსტატმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) გასული წლის დაზუსტებული მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2020 წელს საქართველოში 572 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. ეს მონაცემი 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 57,2%-ით არის შემცირებული.

FDI-ს ამაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლოს 2005 წელს დაფიქსირდა, როდესაც ქვეყანაში 452,8 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2005-2020 წლებში

წყარო: საქსტატი

საქსტატის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ინვესტიციების შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად რამდენიმე საწარმოს საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში გადასვლა სახელდება, რამაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 283 მილიონი დოლარით შეამცირა.

რაც შეეხება ქვეყნებს, 2020 წელს ყველაზე მეტი ინვესტიცია გაერთიანებული სამეფოდან (303 მილიონი დოლარი), ნიდერლანდებიდან (200,7 მილიონი დოლარი) და აშშ-დან (98,4 მილიონი დოლარი) შემოვიდა. დიდი ბრიტანეთიდან FDI-ს შედარებით მაღალი მაჩვენებელი, სავარაუდოდ, იმით არის გამოწვეული, რომ ქვეყანაში მოქმედი რამდენიმე ქართული საფინანსო კომპანია (საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, "საქართველოს კაპიტალი") დიდ ბრიტანეთში, ლონდონის საფონდო ბირჟაზე არიან წარმოდგენილნი, შესაბამისად, მათ მიერ საქართველოში ჩადებული თანხები უცხოურ ინვესტიციებად განიხილება.

2020 წელს ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 404 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 70,7%-ია. მეორე ადგილზე იმყოფება სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორი 98,8 მილიონი დოლარით, ხოლო მესამეზე — უძრავი ქონების სექტორი 90,3 მილიონი დოლარით.

საქსტატმა 2021 წლის I კვარტალის მონაცემებიც დააზუსტა (ეს მონაცემი ჯერ კიდევ წინასწარია), რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოში 132,2 მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 22,7%-ით არის შემცირებული.