გასული წლის ბოლოს დაღლილობა და გადატვირთულობა ვიგრძენი და მრავალ გადაწყვეტილებაზე სინანულის გრძნობამაც შემომიტია. ალბათ ესაა იმის მიზეზი, რომ როდესაც "პატარა უფასო ბიბლიოთეკის" ვებსაიტზე მოვხვდი, ნიკ ჰორნბის წიგნმა, როგორ ვიყოთ კარგები, მაშინვე მიიზიდა ჩემი ყურადღება თავისი მყვირალა ყვითელი გარეკანით და სათაურით, რომელიც ჩემი დიდი და პატარა შეცდომების გამოსყიდვის შესაძლებლობას მპირდებოდა.

წიგნი მოგვითხრობს ექიმზე, რომელიც თამამად (და სასაცილოდ) გადის რთულ გზას, რომ გახდეს უკეთესი. "რადგან კარგი არ ვიყავი, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ცუდი ვიყავი", — გვიზიარებს მთავარი პერსონაჟი. მაგრამ როდესაც რომანის დასასრულს მივაღწიე, გავაცნობიერე, რომ ვერ მივაგენი პასუხს, თუ ზუსტად რას ნიშნავს, იყო კარგი. მეც ავდექი და ეს კითხვა თავად ჰორნბის დავუსვი.

"ეს მუდმივი თემაა, ასე არ არის?" — მიპასუხა მან მეილით, — "განსაკუთრებით ახლა, როდესაც არცოდნა გასამართლებელ საბუთს აღარ წარმოადგენს. ჩვენ განუწყვეტლივ მოცული ვართ იმ ადამიანთა ამბებით, რომლებსაც ჩვენზე ნაკლებად გაუმართლათ. რა უნდა გავაკეთოთ ამასთან დაკავშირებით?"

საკითხავი სწორედ ეს არის: რა უნდა გავაკეთოთ? როდესაც ჩვენ ვცდილობთ, დავუპირისპირდეთ მუდამ მზარდი რაოდენობის კრიზისულ სიტუაციებს, როგორ შეგვიძლია, რომ ამის პარალელურად საკუთარი თავებისა და სხვებისთვისაც კარგები ვიყოთ? საწყისი წერტილი იმის გაგებაა, თუ რას ნიშნავს ჩვენთვის "სიკარგე".

რაჩანა ქემთეკარი, კორნელის უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორი, სიკარგეს ძველბერძნული ფილოსოფიის საშუალებით ხსნის: "პლატონისთვის სიკარგე იგივეა, რაც ბედნიერება. ჩვენ ფიზიოლოგიურ სურვილებს ჩვენი სხეულიდან ვგრძნობთ. ემოციურ სურვილებს კი — სხვებთან კონტაქტის დროს საკუთარი თავის აღქმისგან. და ჩვენ ასევე გვაქვს რაციონალური სურვილები გავიგოთ, როგორ გავაკეთოთ ის, რაც საუკეთესოა. ჩვენი სიკარგე მოითხოვს ყველა ამ შესაძლებლობის განვითარებას და შემდეგ გამოხატვას".

ეს შეიძლება დაუსრულებელი პროცესი იყოს — რაღაც, რასაც სრულყოფილად ვერასდროს მიაღწევ, მაგრამ რისკენაც ყოველთვის უნდა ისწრაფოდე. "სიკარგე არის წარმავალი და ორგანული, რაც იმას ნიშნავს, რომ ის შეიძლება არა მხოლოდ პროგრესირდეს, არამედ რეგრესირდეს კიდეც", — ამბობს ჩენ ფაპ დანგი, ბერი პლამ ვილიჯის მედიაციის ცენტრში, რომელიც ძენის ოსტატის, თიკ ნათ ჰანის მიერ დაარსდა. სწორედ ამიტომ, მისი თქმით, ჩვენ ურყევად უნდა ვიზრუნოთ საკუთარ თავზე და ზოგადად სამყაროზე: "პოლიტიკასა და კულტურაში, მედიასა და კორპორაციებში ჩვენ შევიმუშავეთ პირობები, რომლებმაც წარმოქმნა დიდი რაოდენობის ძალადობა, დისკრიმინაცია და სასოწარკვეთა, რაზეც ჩვენ გარკვეულ დონეზე კოლექტიურად ვართ პასუხისმგებელნი".

ფოტო: Kremena Dankova / Dribbble.com

იმის გამო, რომ ბევრ ჩვენგანს არ აქვს სწორხაზოვანი პასუხი იმაზე, თუ რას ნიშნავს, იყო კარგი, ცნების ახლებურად განმარტება და გაფართოება გამოსადეგი შეიძლება აღმოჩნდეს. "ადამიანები უხერხულობას გრძნობენ, როდესაც იმაზე ფიქრობენ, არიან თუ არა თავად ისინი ან სხვები კარგები, რადგან სიტყვები, კარგი და სიკარგე დიდი ხნის განმავლობაში ასოცირდებოდა მორჩილებასთან", — გვიხსნის მწერალი და პოდკასტის, Dear Sugars, ყოფილი წამყვანი შერილ სტრეიდი, — "მე უარვყოფ ამ განმარტებას. სიკარგე გამოიხატება სიკეთისადმი სიყვარულით, დიდსულოვნებით და სხვების ინტერესების გათვალისწინებით. ეს, შეიძლება, ისეთი მარტივი რამ იყოს, როგორიც რიგში ვინმესთვის ადგილის დათმობაა; ან ისეთი რთული, როგორიც წლების განმავლობაში საკუთარი თავისუფლების მსხვერპლად შეწირვაა, რათა შენთვის საყვარელ ადამიანს დაეხმარო. ცხოვრების განმავლობაში უმეტესი ჩვენგანი ორივეს აკეთებს".

სიკარგე ყოფნასაც მიემართება და მოქმედებასაც. იგი მოითხოვს არა მხოლოდ ჩვენს ჩართულობას, არამედ იმასაც, რომ გავიაზროთ, რა განზრახვით ჩავიდინეთ ესა თუ ის საქციელი. სიკარგემ შეიძლება კმაყოფილება დაუყოვნებლივ გამოიწვიოს ან ჩვენგან ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოითხოვოს მსხვერპლის გაღება (ამას სოციალური ცვლილებებისთვის მებრძოლნი დაგვიმოწმებენ). ნებისმიერ შემთხვევაში, სიკარგის თვითმიზნად დასახვა იმის გაგებაში გვეხმარება, თუ რა არის ცხოვრებაში რეალურად მნიშვნელოვანი.

ქვემოთ მოცემული შეხედულებები სხვადასხვა პროფესიისა და ცხოვრების წესის მქონე იმ ადამიანებს ეკუთვნით, რომლებიც ბევრს ფიქრობენ, თუ რას ნიშნავს, იყო კარგი. მათი რჩევები მრავალფეროვანია: ზოგი შემოთავაზება მარტივი გასათვალისწინებელია, ზოგი კი საოცრად რთული. თუმცა ამ რჩევათა საკუთარ ცხოვრებაზე მორგება თითოეულ ადამიანს თავისებურად შეუძლია — მთავარი მოთხოვნა უკეთეს ადამიანად გახდომის სურვილის ქონაა.

9 გზა, როგორ ვიყოთ კარგები

1. იყავი კეთილი

ჰარიეტ ლერნერი, ფსიქოლოგი და მწერალი:

"სიკეთე არის ცენტრი იმისა, თუ რას ნიშნავს, იყო კარგი. ის, შეიძლება, ჩვენგან ძალიან ცოტას მოითხოვდეს, ანდაც — პირიქით. ის, შეიძლება, მოითხოვდეს სიტყვებს და ქმედებებს, ან თავშეკავებას და სიჩუმეს. ყველაფერი, რის თქმაც შეიძლება, უნდა ითქვას სიკეთით. ყველა რთული გადაწყვეტილება, რაც შეგვიძლია მივიღოთ, უნდა მივიღოთ სიკეთით. გამონაკლისების გარეშე. კარგ ადამიანად ყოფნა მოითხოვს, რომ ვიმუშაოთ ისეთი სამყაროს შესაქმნელად, სადაც ყველა ადამიანის ღირსება და პატიოსნება, ყველა სიცოცხლე არის დაფასებული და პატივდებული".

ფოტო: Hannah Murzyn / Dribbble.com

2. იყავი ყურადღებიანი

ჩენ ფაპ დანგი, ბუდისტი ბერი:

"ბუდისტურ ტრადიციაში წვრთნა იწყება იმის სწავლით, თუ როგორ შევჩერდეთ და დავუბრუნდეთ აწმყო მომენტს და ვისიამოვნოთ ჩვენი სუნთქვით. ჩვენ ხშირად ვწყვეტთ იმის გაცნობიერებას, რაც ჩვენ შიგნით და ჩვენ გარშემო ხდება: ჩვენი გრძნობების, ჩვენი აზრების, იმის აღქმის, ჩვენი სხეული მოდუნებულია თუ დაძაბული, ვინ არის ჩვენ წინ ან რას ვაკეთებთ. ამ სავარჯიშოს გამეორების წყალობით, ჩვენ ვიწყებთ ჩვენი თავების უკეთესად დანახვას და გაგებას — და გაცნობიერებულად ვარჩევთ, გავაკეთოთ ერთი რამ მეორის ნაცვლად".

3. დასვი რთული შეკითხვები

უილიამ ჯეი ბარბერ II, პროტესტანტი ღვთისმსახური და სამოქალაქო უფლებების დამცველი აქტივისტი:

"როგორც საჯარო პირი და თეოლოგი, მე ვარჩევ დავაკვირდე, რა გვამაღლებს, როდესაც ჩვენთვის ყველაზე დაბალ წერტილში ამოვყოფთ თავს — რა გვეძახის უკეთესი ადგილისკენ; ჩვენ, როგორც ერი და როგორც ხალხი, როგორ ვიყენებთ თავად ცხოვრებას, რათა შევქმნათ სიკეთე ღარიბების, უძლურების და ტყვეებისთვის და მათთვის, ვისაც თავს გარიყულად აგრძნობინებენ. სანამ ცოცხლები ვართ, ყოველთვის უნდა დავსვათ ეს შეკითხვა და მისთვის პასუხის გაცემა არა მხოლოდ ინდივიდუალურად, არამედ ერთადაც ვეცადოთ. ჩვენ უნდა მოვუფრთხილდეთ იმ ღრმა მორალურ ღირებულებებს, რომლებიც გვეუბნებიან, რომ პირველ რიგში უნდა ვეძიოთ სიყვარული, სიმართლე, სამართლიანობა და სხვებისადმი ზრუნვის სურვილი".

ფოტო: Olga / Dribbble.com

4. გადააფასე გამოწვევები

დენ ერიელი, ქცევითი ეკონომისტი:

"იუდაიზმი ამბობს, რომ თუ ერთ ადამიანს გადაარჩენ, შეგიძლია ჩათვალო, რომ მთელი მსოფლიო გადაარჩინე. ამ პერსპექტივიდან თუ შევხედავთ, სიკარგე ნიშნავს პრობლემის მასშტაბის შემცირებას იმ წერტილამდე, სადაც გავლენის მოხდენა შეგვიძლია — და შემდეგ ამ გავლენის მოსახდენად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. თუ თქვენ ფიქრობთ გლობალურ დათბობაზე ან სიღარიბეზე, საკუთარ თავს ეტყვით, მე ხომ ამის გამოსწორება არ შემიძლია. მაგრამ თუ იფიქრებთ ერთ ტონა ნახშირორჟანგზე ან ერთ ღარიბ ადამიანზე, მიხვდებით, რომ ზემოქმედების მოხდენის ძალა გაქვთ".

5. აიღე პასუხისმგებლობა

რაჩანა ქემთეკარი, ფილოსოფიის პროფესორი:

"უნდა იცოდე, რა განსხვავებული მოტივაციები გამოძრავებს; იცოდე, რამდენად ძლიერია თითოეული მათგანი და შეგიძლია თუ არა ზოგიერთი მათგანის სხვების წინააღმდეგ გამოყენება. ჩემს ოც და ოცდაათიან წლებში მწეველი ვიყავი. როგორც ბევრმა სხვა მწეველმა, მეც ბევრჯერ გადავწყვიტე ამ ჩვევისთვის თავის დანებება. 40 წლის ასაკში ჩემს შვილს და მის მეგობრებს ვუთხარი, რომ ერთ დროს მწეველი ვიყავი და მერე თავი დავანებე. ვიცოდი, რომ თუ კიდევ მოვწევდი, აუცილებლად მომიწევდა, რომ ეს მათთანაც მეღიარებინა. იმდენად არ მინდოდა, ამ ბავშვებს ჩემზე როგორც მწეველზე, ისე ეფიქრათ, რომ ამან ჩემში მოწევის ყოველგვარი სურვილი გააქრო. როცა ჩემს რაციონალურ გადაწყვეტილებას ისიც დავურთე, რომ მისი დარღვევა სირცხვილს მაგრძნობინებდა — რომ იძულებული გავხდებოდი, ამ ბავშვებისთვის პირისპირ მეთქვა, მე მწეველი ვარ — ყველაფერი შეიცვალა".

6. შეიძინე გულისყურით

როუზ მარკარიო, აღმასრულებელი დირექტორი:

"ჩვენ ვდგავართ ეგზისტენციალური კლიმატის კრიზისის, უკონტროლო სოციალური პრობლემების და არნახული საშემოსავლო უთანასწორობის წინაშე. იფიქრეთ საკუთარ თავზე ისე, როგორც მოქალაქეზე და არა — როგორც მომხმარებელზე და ხმა მიეცით დოლარებით. შეიძინეთ ორგანული პროდუქცია, რადგან ქიმიური სოფლის მეურნეობით ჩვენ შეუქცევად ზიანს ვაყენებთ ნიადაგს, დამმტვერავ მწერებს, ოკეანეებსა და მდინარეებს. და შეიძინეთ ხარისხი. დარწმუნდით, რომ ვისგანაც ყიდულობთ, იღებს პასუხისმგებლობას თავის პროდუქტზე. რაც მთავარია, შეიძინეთ მხოლოდ ის, რაც გჭირდებათ. შეინახეთ თქვენი ნივთები ხანგრძლივად და გამოიყენეთ ისინი დიდხანს".

ფოტო: Olga / Dribbble.com

7. ჩადე ფული საზოგადო სიკეთეში

რონ ფროინდი, სოციალურ თანასწორობაზე მომუშავე კომპანიის ვიცეპრეზიდენტი:

"კარგი ინვესტიცია არის ის, როცა ფულს იმაში დებ, რაც შენს ღირებულებით სისტემასთან თანხვედრაშია და, ამასთან, რისკის დონე და შემოსავალი აკმაყოფილებს შენს მოთხოვნებს. გამოცდილებამ აჩვენა, რომ სოციალურად პასუხისმგებლობიან სფეროებში ინვესტიციას ზარალი სულაც არ მოაქვს. განვიხილოთ თუნდაც მწვანე ობლიგაციები, რომლებიც საზოგადოების დახმარებისკენაა მიმართული: ეს შეიძლება იყოს კლიმატის ცვლილება, ეკლესიების რესტავრაცია ან ისეთი სახლების აშენება, რომლებიც მოხუცებსა და დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებს თავშესაფრით უზრუნველყოფს".

8. ჩაერთე

შერილ სტრეიდი, მწერალი და მიმომხილველი:

"გამოიმუშავეთ ოპტიმიზმის გრძნობა. გახსოვდეთ, რომ იყოთ მადლიერები. იგრძენით ბედნიერება მაშინაც, როდესაც კარგი რამ სხვა ადამიანს ხდება თავს. შეწყვიტეთ იმ ხალხზე, სამუშაოზე და სიტუაციებზე ჩივილი, რომლებიც თავს უბედურად გაგრძნობინებენ და, სანაცვლოდ, იპოვეთ გზა ამ განცდისგან თავის დასაღწევად. ისეირნეთ ყოველდღე. სიკარგე არის მოქმედება. ეს არის, იყო კეთილი, გულწრფელი, ყურადღებიანი და დიდსულოვანი. ეს არის, შეინარჩუნო სიყვარული შენს გულში".

9. და არავითარ შემთხვევაში არ დაყარო ფარ-ხმალი

ნიკ ჰორნბი, მწერალი:

"ვფიქრობ, ერთადერთი, რისი გაკეთებაც მართლა შეგვიძლია, სიკარგის ამბიციად ქცევაა — დარწმუნდით, რომ ამ მიზანს ყოველთვის ითვალისწინებთ".