ჰაიტიში მიწისძვრით გარდაცვლილთა რიცხვმა 1 200-ს გადააჭარბა. 2 800-ზე მეტი ადამიანი დაშავებულია. 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრა ქვეყანაში 14 აგვისტოს მოხდა და ძლიერი ნგრევა გამოიწვია, რის გამოც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ყველაზე მეტი, 500 ადამიანი ქვეყნის სამხრეთით გარდაიცვალა. სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრამ დაანგრია 2 868 სახლი და დააზიანა 541. გარდა ამისა, დაზიანდა საავადმყოფოები და გზები, რომლითაც სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქციის შეტანა იქნებოდა შესაძლებელი.

სამოქალაქო სააგენტოს განცხადებით, დაშავებულთა ნაწილის გადარჩენა მაშველებისა და მოხალისეების დახმარებით მოხერხდა, რომლებსაც ხალხი ნანგრევებიდან გამოჰყავდათ.

კლინიკებში ამბობენ, რომ ადგილები გადავსებული აქვთ და პაციენტებს ვეღარ იღებენ, მათივე თქმით, აღარც სამედიცინო მარაგები ჰყოფნით.

7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 10 კილომეტრის სიღრმეზე დედაქალაქ პორტ-ო-პრენსიდან 150 კილომეტრში მოხდა. მიწისძვრის შემდეგ, აშშ-ს ცუნამის განგაშის სისტემამ ცუნამის გაფრთხილება გასცა. მედიების ინფორმაციით, ბიძგები შემდეგაც გაგრძელდა,

ჰაიტიში მომავალ კვირას ძლიერი წვიმები და ქარიშხალია მოსალოდნელი, რამაც შესაძლოა, წყალდიდობა გამოიწვიოს.

აღსანიშნავია, რომ ჰაიტიზე 2010 წლის 12 იანვარს 7,0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომლის შედეგადაც 200 000-ზე მეტი დაიღუპა.