2021 წლის 4 აგვისტოს საქართველოში პირველი პოსტჰოლის ტიპის სეისმური სადგური გაიხსნა. რასაც პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე facebook-ზე გამოეხმაურა და სადგურის აშენებას ქართული სეისმომეტრიის "ახალი ერა" უწოდა.

ერთი შეხედვით, ეს ისეთი ამბავია, რომ რამდენიმე ათეული მეცნიერის გარდა დიდი სიხარულით ვერავინ შეხვდება, მით უმეტეს, თუ თქვენც ჩემსავით ვერ ერკვევით სეისმოლოგიაში. თუმცა, არსებული პროექტი, რომელიც აშშ-სთან თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა ძალიან ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებისთვის. იმისთვის, რომ პროფესორი გოდოლაძის ენთუზიაზმი გავიზიაროთ, 1-2 სიტყვა მაინც უნდა ვთქვათ იმის თაობაზე თუ საერთოდ რა არის "პოსტჰოლის ტიპის სეისმური სადგური".

ქართული სეისმოლოგიის წარსული და აწმყო

ფოტო: Tea Godoladze

მარტივად რომ ითქვას, სეისმოლოგია მიწისძვრების და სეისმური ტალღების გავრცელების შემსწავლელი მეცნიერებაა. ამ მოვლენების შესასწავლად მკვლევრები სეისმომეტრიას მიმართავენ, სხვადასხვა ხელსაწყოებს, რომელთა მეშვეობითაც ისინი სეისმურ აქტივობას აკვირდებიან. "პოსტჰოლის ტიპის" სეისმური სადგური ისეთ სენსორებს იყენებს, რომელიც ზედაპირს მიღმა (მიწაში) თავსდება და ძალიან ძალიან (საკმარისად ხაზს ვერ ვუსვამ) ძალიან მგრძნობიარეა. თეა გოდოლაძის თქმით, გამართულ პოსტჰოლის ტიპის სეისმურ სადგურს მიწისძვრების დაფიქსირება დედამიწის ძალიან შორეულ მონაკვეთებშიც კი შეუძლია, მაგალითად, საქართველოში არსებული ასეთი სადგური პოტენციურად იაპონიაში მომხდარ მიწისძვრასაც დააფიქსირებს.

ასეთი ტექნოლოგია საქართველოში არ არსებულა, მეტიც, ეს არის პირველი პოსტჰოლის ტიპის სეისმური სადგური ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში. მაშ, ქართულ სეისმოლოგიაში ეს განვითარება მართლაც მნიშვნელოვანია, რადგან ამ და მომავალი თაობის სეისმოლოგებს უახლეს ტექნოლოგიაზე და მის მონაცემებზე მიუწვდებათ ხელი, რაც დარგის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველო, ტექნოლოგიების მხრივ მნიშვნელოვნად ჩამორჩება გლობალურ სამეცნიერო საზოგადოებას. ამის შედეგები კი არამხოლოდ კონკრეტული სამეცნიერო დარგებისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც დამანგრეველია.

"სეისმოლოგიური კვლევა დამოკიდებული მონაცემების ხარისხზე", — ამბობს თეა გოდოლაძე. "თუ გაქვს კარგი მონაცემი, მისი უკეთესად ინტერპრეტაცია შეიძლება და შესაბამისად ზუსტი დასკვნის გამოტანა... ამისთვის საჭიროა მაღალი მგრძნობელობის დანადგარები, სხვანაირად 'ხმაური' მონაცემებს დააბინძურებს".

თეას თქმით ერთგვარი პოპულარული მითია, რომ საბჭოთა კავშირში სამეცნიერო ტექნოლოგიები ძალიან დახვეწილი და განვითარებული იყო. 80-იანებიდან მოყოლებული, საბჭოთა კავშირი კვლევითი საშუალებების მხრივ სეისმოლოგიაში აშშ-ს და ევროპის ქვეყნებს მნიშვნელოვნად ჩამორჩა, როცა სეისმოლოგიაში ადგილი ჰქონდა ეგრეთ წოდებულ "ციფრულ რევოლუციას". ამის მიუხედავად სსრკ-ში მაინც არსებობდა სამეცნიერო ტრადიცია, რომელიც ჩამორჩენის მიუხედავად, მეტნაკლებად ფუნქციონირებდა. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, თეას თქმით, საქართველო მთლიანად მოწყდა განვითარებას. ეს ცხადია მხოლოდ სეისმოლოგიას არ ეხება. სამოქალაქო ომი, სეპარატისტებთან დაპირისპირება საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში, ეკონომიკური დაღმასვლა და მოგვიანებით უპრეცედენტო კორუფცია დამანგრეველი აღმოჩნდა.

თეა გოდოლაძე საუბრობს ვაშვლიჯვრის მეწყერზე

თეა გოდოლაძე საუბრობს ვაშვლიჯვრის მეწყერზე

ფოტო: Netgazeti/ნინო ბიძინაშვილი

1991 წლის რაჭის მიწისძვრამ აჩვენა რამდენად ჩამორჩებოდა ქართული სეისმოლოგია თანამედროვე სამეცნიერო განვითარებებს. თეას თქმით, ამ მიწისძვრის ეპიცენტრი თავის დროზე თურქეთში გაუშვეს. "ამაში იმ სეისმოლოგებს და მეცნიერებს ვერ დავადანაშაულებ, საქართველოში უბრალოდ არ არსებობდა ციფრული სეისმოლოგიური ქსელი და როცა კარგი ხელსაწყოები არ გაქვს, ცუდი მონაცემებს იღებ".

თუმცა, მაშინ როცა მეცნიერების განვითარების პერსპექტივები გაჩნდა, საქართველომ ეს ვერ გამოიყენა. 2000-იანებიდან მოყოლებული, ქართული სამეცნიერო საზოგადოება ისევ ვაკუუმში აღმოჩნდა და ხელგაშლილი ქველმოქმედების ან უცხოური ინვესტიციების იმედად დარჩა.

უცხოური ხელგაშლილობის იმედად

საქართველოში სეისმოლოგიის განვითარება, ისევე როგორც ზემოხსენებული სეისმური სადგურის მშენებლობა თითქმის მთლიანად აშშ-ის პირდაპირი დაფინანსების შედეგია. პროფესორი გოდოლაძე Partner project-ის მონაწილეა, ის და რამდენიმე სხვა მეცნიერი 2015 წლიდან ცდილობს, რომ პრაქტიკულად დაარწმუნონ აშშ-ელი კოლეგები, რომ საქართველოში ციფრული სეისმოლოგიის განვითარებაში ინვესტიცია ჩაიდოს. შეიქმნას სეიმსური ქსელი და სწრაფი შეტყობინების სისტემები დაინერგოს. თეას თქმით, აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტმა და IRIS-მა (Incorporated Research Institutions for Seismology) 2017 წელს 6 მილიონამდე გამოყო რიგი პროექტების დაფინანსებისთვის.

IRIS სხვადასხვა უნივერსიტეტებს და კვლევით ინსტიტუტებს აერთიანებს, რომლის მიზანიცაა შეაგროვოს სეისმური მონაცემები, აწარმოოს კვლევები და შექმნას ერთგვარი გლობალური მონაცემების ბაზა. თეას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ ხშირად მზად არის დიდი ინვესტიცია ჩადოს ქართული მეცნიერების განვითარებაში, ეს პროცესი ხანგრძლივი და შრომატევადია.

"ბიძია სემი ასე უბრალოდ არ მოვა და ფულს არ მოგცემს. პირველ რიგში, უნდა უთხრა რა გინდა. უნდა გქონდეს აქტიური კონტაქტი მეცნიერებთან, უნდა იყო მუდმივ კომუნიკაციაში". თეას თქმით ამას ხშირად ისეთი მარტივი რაღაცები აფერხებს, როგორიცაა ენობრივი ბარიერი. თეას თქმითვე, ხშირად ქართველმა მეცნიერებმა არც კი იცოდნენ რა უნდა ეთხოვათ, რადგან სეისმოლოგია ქვეყანაში 40 წელი პრაქტიკულად გაყინული იყო.

ისიც უნდა აღნიშნოს, რომ ხშირად სამეცნიერო კვლევებს წინ პოლიტიკური ნების არარსებობაც ეღობება. მაგალითად, WEG World Experience for Georgia-ს მიხედვით (ენერგოპოლიტიკის შემსწავლელი ანალიტკური ორგანიზაცია), USAID-ის დაკვეთილმა კვლევამ აჩვენა, ენერგეტიკულ სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფის შექმნით, რომელიც მუდმივ კვლევებს აწარმოებს, საქართველომ შეიძლება უზარმაზარი ფინანსური მოგება იხილოს. ანგარიშში ვკითხულობთ:

“ხარჯ-სარგებლიანობის ანალაზი აჩვენებს, რომ მომავალი ათი წლის განმავლობაში 18-20 მილიონი ლარის დახარჯვამ შეიძლება 7-10 მილიარდი ლარის სარგებელი მოიტანოს”. თუმცა, სახელმწიფო მსგავსი ინვესტიციებისთვის მზად არ არის. ერთი მხრივ იმიტომ, რომ მსგავსი ინვესტიციები შედეგს შედარებით ხანგრძლივ პერსპექტივაში იღებენ, რაც საარჩევნო კამპანიის სლოგანად არ გამოდგება და პოლიტიკური პარტიების პოპულისტურ მესიჯ ბოქსში ნაკლებად ჯდება.

მეორე მხრივ, თეას თქმით, საქართველოში კადრების სერიოზული ნაკლებობაა. ახალი სეისმური სადგური კი აშენდა და მრავალი მიმდინარე პროექტი არსებობს, მაგრამ არსებული ადამიანური რესურსი ან არასაკმარისია, ან მოუმზადებელი თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობისთვის. ამასთანავე, არსებულ სამეცნიერო საზოგადოება ხშირად მზად არ არის სიახლეებისთვის და ერთგვარ რეზისტენტულობას იჩენენ.

პრობლემის საწყისი — განათლება

"საუნივერსიტეტო განათლება სეისმოლოგიაში მთლიანად დგას პატარა ჯგუფზე, რომელსაც უცხოელ კოლეგებთან აქვს კავშირი. აქტიურად მიმდინარეობს კადრების გადამზადება, ვცდილობთ გვქონდეს მეტი გაცვლითი პროგრამა, რათა რაღაც ბაზა შეიქმნას", — ამბობს თეა გოდოლაძე.

საუნივერსიტეტო განათლების განხილვისას ხშირად გვავიწყდება, რომ უნივერსიტეტი ადამიანების "პროფესიული მომზადების" გარდა მნიშვნელოვან როლს უნდა ასრულებდეს. მაგალითად, განვითრებულ სახელმწიფოებში უნივერსიტეტები აქტიურ კვლევით საქმიანობას ეწევიან, რომელიც შემდგომ ინფრომირებული საჯარო პოლიტიკის მართვის საშუალებას იძლევა. თეას თქმით, საქართველოში მსგავსი აკადემიური ბაზის არარსებობა ძალიან ნათლად აისახება იგივე სამშენებლო პოლიტიკაში.

თეას თქმით, სამშენებლო პოლიტიკა ქვეყანაში ძალიან არაინფორმირებულია, ამიტომაა რომ სამშენებლო პროექტები ხშირად მეწყერსაშიშ ზონებში მიმდინარეობს ისე, რომ რისკები გამოკვლეული არ არის, გეოლოგიური კვლევები არ ტარდება. ჰესები შენდება ისე, რომ ჰიდროლოგიური კვლევები და სტანდარტები არ არსებობს და ა.შ. თეა გოდოლაძის განცხადებით, პოლიტიკაში ხშირად გაბატონებულია ერთგვარი რელიგიური ფანატიზმი, რომ "რეგულაციები და სახელმწიფო ინვესტიცია არ გვჭირდება", მაშინ როცა გლობალური გამოცდილება საპირისპიროზე მიანიშნებს.

ხშირად გვავიწყდება, რომ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები, იქნება ეს ჰარვარდი, MIT, კემბრიჯი თუ რამე სხვა იმიტომაა ასეთი თვალწარმტაცი, რომ ეს უნივერსიტეტები ქმნიან მკვლევრების გლობალურ ქსელებს, სადაც მეცნიერები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ და ჩართული არიან აქტიურ კვლევებში, მარტივად რომ ითქვას, არსებობს სამეცნიერო ტრადიცია. თან ეს ტრადიცია დიდი ხანია არსებობს და მკვირვი საფუძველი აქვს.

ილუზია არავის არ აქვს, რომ საქართველოში ჰარვარდისნაირი პერსტიჟული დაწესებულება იარსებებს, თუმცა სამეცნიერო საზოგადოების ჩამოყალიბების პერსპექტივა არსებობს და ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ. პოსტჰოლის ტიპის სეისმური სადგურის აშენება, ვფიქრობ, საყოველთაოდ მნიშვნელოვანი სწორედ ამიტომაა. ქართველი სეისმოლოგების შემდეგი თაობები შეძლებენ, როგორც მინიმუმ, თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობას და გაცვლით პროგრამიდან დაბრუნებული სტუდენტები აკადემიური ტრადიციის გემოს გაიგებენ.

თეა გოდოლაძე ერთ-ერთი ადამიანია, რომელიც ცდილობს, რომ ქვეყანაში მსგავსი საწყისები შეიქმნას. თუმცა, მისი თქმით ის ხშირად საოცარ წინააღმდეგობას ხვდება, "ნაწილობრივ იმიტომ, რომ ქალი ვარ", — ამბობს თეა. მეცნიერებაში სექსიზმი საგრძნობია თუ გავითვალისწინებთ, რომ ბევრს ჯერ კიდევ სჯერა ისეთი უაზრობების, როგორიცაა "მათემატიკური ტვინი" და ა.შ. "ვიღაცები რომ არც კი გისმენენ იმის გამო, რომ ქალი ხარ, მერე ამბობენ სეისმოლოგს მათემატიკა რაში სჭირდებაო, აი ასეთ აბსურდში ვცხოვრობთ".

აბსურდში მართლაც ვცხოვრობთ, თუმცა ამის გამოსწორება ისევ ქართველ ხალხზეა და საბედნიეროდ, ოპტიმიზმის მიზეზები მაინც არსებობს.