The Guardian-ის ინფორმაციით, ქაბულის რამდენიმე რაიონში სროლა იყო. როგორც გამოცემა წერს, თალიბანმა დაადასტურა, რომ მებრძოლები ქალაქში შევიდნენ "წესრიგის დარღვევის აღსაკვეთად". მათივე ინფორმაციით, ქაბულის მისადგომებთან შეტაკებების შედეგად, 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

Reuters-ის და CNN-ის ინფორმაციით, ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა. ეს ინფორმაცია დილიდან გავრცელდა, თუმცა Aljazeera მაშინ წყაროზე დარყდნობით ამ ამბავს უარყოფდა. ახლა კი Reuters შსს-ს შიდა წყარო უდასტურებს, რომ აშრაფ ღანი ტაჯიკეთში წავიდა.

CNN წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ავღანეთის მთავრობის მაღალი რანგის წევრები მალე გაემგზავრებიან დოჰაში, თალიბანთან მოლაპარაკებების გასაგრძელებლად.

გაიგეთ მეტი:

თალიბანის მეომრები ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შევიდნენ. ეს ბოლო ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ქალაქი იყო, რომელიც თალიბანი არ აკონტროლებდა. არსებული ინფორმაციით, თალიბანს ქალაქი არ აუღია და მის შემოგარენში არიან განლაგებული, თუმცა რამდენიმე რეგიონში მეომრები უკვე შევიდნენ.

The Guardian-ის ინფორმაციით, თალიბანის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ არ აპირებენ "სამაგიერო გადაუხადონ" არავის, მათ შორის მათ, ვინც ავღანეთის ხელისუფლებაში მუშაობდა. თუმცა, როგორც AP წერს, საჯარო მოხელები შიშით ტოვებენ დაწესებულებებს. Aljazeera-ს ინფორმაციით, თალიბანმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ქალაქის ძალით აღებას არ აპირებენ და მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ "გარდამავალი პროცესი უსაფრთხოდ დასრულდეს".

ავღანეთში ძალადობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც აშშ-მა და სხვა საერთაშორისო ძალებმა 20-წლიანი სამხედრო ოპერაციების შემდეგ, 1 მაისიდან ქვეყნიდან ჯარების გაყვანა დაიწყეს. აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ამერიკის მისია ავღანეთში დაგეგმილზე ადრე, 31 აგვისტოს, დასრულდება.