საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს (GITA) განცხადებით, კოსმოსური რაკეტების მწარმოებელი კომპანია SpaceX, პროექტს Starlink-ის ფარგლებში, საქართველოს საპილოტე ქვეყნად განიხილავს, სადაც მოსახლეობას თანამგზავრული ინტერნეტით უზრუნველყოფენ.

ამ საკითხთან დაკავშირებით შედგა ვიზიტი ილონ მასკის კომპანიასა და ქართულ დელეგაციას შორის. სამომავლო თანამშრომლობის შესახებ SpaceX-ის უფროს ფინანსურ ოფიცერს, ბრეტ ჯონსენს და უფროს ფინანსურ დირექტორ დევიდ ფინლეის შეხვდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, GITA-ის თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და საქართველოს გენერალური კონსული სან ფრანცისკოში, ლევან ბერიძე. შეხვედრას ესწრებოდა SpaceX-ის ერთ-ერთი ინვესტორი, ბილ რაიქერტიც.

ფოტო: GITA

GITA-ს განცხადების მიხედვით, SpaceX-მა ინტერნეტიზაციის პროცესში საქართველოს საპილოტე ქვეყნად ჩართვის შესახებ გამოთქვა დაინტერესება. აქედან გამომდინარე, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, სადაც SpaceX მოსახლეობას თანამგზავრულ ინტერნეტს მიაწვდის. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს კომპანიის სამომავლო გეგმებში საქართველოს ჩართულობის გაზრდაც.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ უახლოეს პერიოდში SpaceX, GITA-ს დახმარებით, საქართველოში ინტერნეტ პროვაიდერის ლიცენზიის მისაღებად ოფიციალურ პროცედურებს დაიწყებს.

რაც შეეხება SpaceX-ის თანამგზავრული ინტერნეტიზაციის პროექტ Starlink-ს, მისი მიზანი პლანეტის უდიდესი ნაწილის საიმედო ინტერნეტკავშირით უზრუნველყოფაა. კომოანიამ პროდუქტზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო. 2018 წლის თებერვალში SpaceX-მა ორი სატესტო თანამგზავრი გაუშვა, 2019 წლის მაისში დამატებით 60 თანამგზავრი. 2021 წლის ბოლოსთვის ან 2022 წლისთვის კი ისინი გლობალური სერვისის უზრუნველყოფას გეგმავენ.