ჰაიტიში ძლიერ მიწისძვრას 300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 1 800-ზე მეტი დაშავებულია. 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრა ქვეყანაში გუშინ, 14 აგვისტოს მოხდა და ძლიერი ნგრევა გამოიწვია.

ჰაიტის პრემიერის განცხადებით, მიწისძვრით დიდი ზარალი მიიღეს, დანგრეულია საცხოვრებელი კორპუსები, საავადმყოფოები, გზები და სხვა ინფრასტრუქტურა. მან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ყველაზე მეტად დაშავებული რეგიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაწყებულია.

ფოტო: Ralph Tedy Erol / AP Photo

სამოქალაქო სააგენტოს განცხადებით, დაშავებულთა ნაწილის გადარჩენა მაშველებისა და მოხალისეების დახმარებით მოხერხდა, რომლებსაც ხალხი ნანგრევებიდან გამოჰყავდათ.

ერთ-ერთ კლინიკაში ამბობენ, რომ ადგილები გადავსებული აქვთ და პაციენტებს ვეღარ იღებენ, მათივე თქმით, აღარც სამედიცინო მარაგები ჰყოფნით.

ფოტო: EPA

7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 10 კილომეტრის სიღრმეზე დედაქალაქ პორტ-ო-პრენსიდან 150 კილომეტრში მოხდა. მიწისძვრის შემდეგ, აშშ-ს ცუნამის განგაშის სისტემამ ცუნამის გაფრთხილება გასცა. მედიების ინფორმაციით, ბიძგები შემდეგაც გაგრძელდა,

ჰაიტიში მომავალ კვირას ძლიერი წვიმები და ქარიშხალია მოსალოდნელი, რამაც შესაძლოა, წყალდიდობა გამოიწვიოს.

აღსანიშნავია, რომ ჰაიტიზე 2010 წლის 12 იანვარს 7,0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომლის შედეგადაც 200 000-ზე მეტი დაიღუპა.