საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, იან კელი საქართველოს მიერ ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურთან გაფორმებულ შეთანხმებას სამარცხვინოს უწოდებს. ის ამას საკუთარ Twitter-ზე ეხმაურება.

"ნამდვილად სამარცხვინოა. ცოტა ხსნის წინ საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება დატოვა — თუ ამას არ დატოვებენ, კიდევ ერთი ნიშანი იქნება იმისა, რომ მათი პრიორიტეტები სხვაგან არის", — წერს ის.

13 აგვისტოს ბელარუსის ოფიციალურ საკანონმდებლო ვებსაიტზე დოკუმენტი გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თანამშრომლობას აფორმებენ. დოკუმენტი 2016 წელს არის ხელმოწერილი, რომელიც ბელარუსში ძალაში შევიდა.

დღეს, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა მოუწოდა ხელისუფლებას, რომ ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურთან 2016 წელს ხელმოწერილი თანამშრომლობის შეთანხმება საქართველოში არ აამოქმედოს. მათი თქმით, აღნიშნული დოკუმენტის გამოყენება საფრთხეს შეუქმნის საქართველოში დევნილობაში მყოფ ბელარუს ხალხს, განსაკუთრებით, უფლებადამცველებსა და აქტივისტებს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება 2016 წელს გაფორმდა. უწყების ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ შეთანხმება მიზნად ისახავს მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას ტერორიზმის, კორუფციისა და სხვა სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.