ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს მიერ ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურთან გაფორმებულ შეთანხმებას საშიშს უწოდებს. ის ამას საკუთარ Twitter-ზე ეხმაურება.

"ნამდვილად ძალიან საშიშია. რატომ ახდენ საქართველო შეთანხმების იმპლემენტაციას 5 წლის შემდეგ, იმ სიტუაციაში, როცა სხვა ყველამ მსოფლიოში უარი თქვა ბელარუსთან თანამშრომლობაზე? საქართველოს მთავრობამ პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებს და არ გადასცეს ლუკაშენკოს ჟურნალისტები და ადამიანის უფლებათა დამცველები", — წერს ის.

13 აგვისტოს ბელარუსის ოფიციალურ საკანონმდებლო ვებსაიტზე დოკუმენტი გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თანამშრომლობას აფორმებენ. დოკუმენტი 2016 წელს არის ხელმოწერილი, რომელიც ბელარუსში ძალაში შევიდა.

დღეს, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა მოუწოდა ხელისუფლებას, რომ ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურთან 2016 წელს ხელმოწერილი თანამშრომლობის შეთანხმება საქართველოში არ აამოქმედოს. მათი თქმით, აღნიშნული დოკუმენტის გამოყენება საფრთხეს შეუქმნის საქართველოში დევნილობაში მყოფ ბელარუს ხალხს, განსაკუთრებით, უფლებადამცველებსა და აქტივისტებს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება 2016 წელს გაფორმდა. უწყების ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ შეთანხმება მიზნად ისახავს მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას ტერორიზმის, კორუფციისა და სხვა სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.