"კოდალები ვართ, ტვინის ბურღები ვართ", — ამბობს პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ახალი ლოგოსა და საარჩევნო კამპანიის წარდგენისას. ელისაშვილის თქმით, მათი ლოგო კოდალა იქნება და ეს შემთხვევითი არა არის, რადგან ამ ფრინველის მსგავსად, ტვინს გაუბურღავენ ყველას, სანამ საქმე არ გაკეთდება.

მისივე თქმით, ამავდროულად, კოდალა არის ტყის სანიტარი, ყოჩაღი, მშრომელი და კეთილი ფრინველი, პარტიაში კი ფიქრობენ, რომ თავადაც ასეთი მშრომელები არიან.

"პირველ რიგში, მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა რეზო ამაშუკელს, რომელმაც რამდენიმე წლის წინ დამარქვა თრიალეთის კოდალა. სიმართლე გითხრათ, თავიდან ვფიქრობდი, რომ არსებობდა ასეთი ჯიშის კოდალა, მარტო თრიალეთზე გავრცელებული. არ ვიცი, შეიძლება ქართლელი რომ ვარმ მაგიტომ დამარქვა, ყოველ შემთხვევაში გასაგებია ინსპირაცია რა იყო, ცხვირი. ამ ცხვირზე მილიონი მეტსახელი მაქვს და სიმართლე გითხრათ, ყველაზე მეტად ეს მომწონს. ხუმრობა-ხუმრობაში ჩვენთან პარტიული სიმბოლოც გამოიკვეთა — კოდალა", — განაცხადა მან ვიდეომიმართვაში.

გარდა ამისა, ელისაშვილის პარტიამ თბილისში ბანერები გამოაქვეყნა, სადაც წითელ ფონზე სხვადასხვა კითხვაა დასმული. ერთ-ერთზე არის მიმართვა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარისადმი — "ნიკანორ, კახას იპოდრომი შენც მოგწონს?". ელისაშვილის თქმით, ამ ბანერის უკან წერია, რომ ბუკიას ბაღი გასახსნელია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ აპირებენ პასუხები მოთხოვონ, როგორც ხელისუფლებას, ასევე მთავრობას.