ლელოს განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ ახალ კამპანიას იწყებენ, რომლის ფარგლებში მოსახლეობას ვაქცინაზე რეგისტრაციაში დაეხმარებიან. როგორც პარტიაში ამბობენ, აქამდე ხელისუფლებასაც შესთავაზეს პანდემიასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმა, თუმცა მმართველი გუნდის უმოქმედობიდან გამომდინარე, გადაწყვიტეს, ახლა დამოუკიდებლად ჩაერთონ მოქალაქეების ინფორმირებისა და ვაქცინაციის პროცესში.

"რეალურად ქვეყანა დგას ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე. ყოველდღე ჩვენ ვკარგავთ ათეულობით ადამიანს და ეს არ დამთავრდება, გაგრძელდება და ჩვენ გაცილებით უარეს შედეგებს მივიღებთ, თუ არაფერი არ გაკეთდა. ადამიანების გადარჩენა და პანდემია, როგორც ნომერ პირველი გამოწვევა, უნდა იყოს ყველას ამოცანა", — აცხადებს ვატო სურგულაძე.

მისივე განცხადებით, კამპანიის ფარგლებში ლელოს ყველა ოფისში ცენტრები, სადაც თანამშრომლები დაეხმარებიან მოქალაქეებს ვაქცინაციაზე რეგისტრაციაში, ასევე, დამატებითი კითხვების ან პრობლემების შემთხვევაში, ლელოს ექიმები — მაკა ჩაჩანიძე, გიორგი კავკასიძე და სხვები მათ შესაბამის კონსულტაციებს გაუწევენ. კამპანიის ფარგლებში იგეგმება მსგავსი ტიპის ონლაინ შეხვედრებიც.

ლელოში მიზანმიმართულ ანტივაქსერულ კამპანიაზეც საუბრობენ და ფიქრობენ, რომ აუცილებელია, მოსახლეობას, რომელიც აცრაზე უარს დეზინოფრმაციის გამო ამბობს, კითხვებზე პასუხები გასცენ და რეალური ფაქტები გააცნონ.

"არა რაღაც დიდი შეხვედრებით, არამედ პირადად ავუხსნათ ადამიანებს, რა პრობლემები აქვთ. ძალიან ხშირია განზრახ ან უნებლიეთ გავრცელებული ტყუილები, ვეცდებით ამ მითების დამსხვრევას და მივაწვდით მტკიცებულებებზე აგებულ ინფორმაციას",— განაცხადა სურგულაძემ.

მსგავსი ინიციატივა გააჟღერეს სხვა პარტიებმა, მათ შორის, მმართველმა გუნდმა და ოპოზიციურმა პარტიებმა.