კორონავირუსი ყველასათვის მტკივნეული თემაა. მასთან დაკავშირებულია ოჯახის წევრები და ახლობლები, რომლებიც დავკარგეთ, იზოლაციის დისკომფორტი, ეკონომიური პრობლემები...

იმ დაავადებასთან დაპირისპირების მთავარი გზა, რომელიც თვითიზოლაციიდან თვითიზოლაციამდე ჩვენს ცხოვრებას ასე ცვლის და ართულებს, მედიცინაა. მეცნიერებმა კი უკვე ნახევარ წელზე მეტია ვაქცინა შემოგვთავაზეს. ასე რომ მდგომარეობის შესამსუბუქებლად ახლა მხოლოდ აცრა გვესახება. ეს არის არჩევანი, რომელიც ყველა ჩვენგანმა უნდა გააკეთოს.

მარიამ კობახიძემ ბევრი იფიქრა, თუ როგორ შეეტანა წვლილი ამ პროცესში, როგორც ჩვეულებრივ, აპოლიტიკურ, მიუკერძოებელ მოქალაქეს და მეგობრებთან ერთად სტარტაპი მოიფიქრა.

"ივლისში წამოვიწყეთ ვაქცინაციის სამოტივაციო კამპანია სახელწოდებით #მეავიცერი. იმისთვის, რომ გაეცეს პასუხი ვაქცინაციასთან დაკავშირებულ შეკითხვებს, მიღებული იქნას საჭირო ინფორმაცია, ადამიანებმა გააზიარონ გამოცდილება და უბრალოდ წაახალისონ ერთმანეთი, ფეისბუქში შევქმენით ვაქცინირებულთა ჯგუფი #მეავიცერი. ჯგუფის წევრები ხდებიან ის ადამიანები, ვინც უკვე აიცრა ან ჯერ ფიქრობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ონლაინ-სივრცე არის სრულიად აპოლიტიკური, მიუკერძოებელი და არააგრესიული", — ამბობს ის.

იმისთვის ,რომ კამპანიას ჰქონოდა მაიდენტიფიცირებელი აქსესუარი, რომელიც ქუჩაში, სპორტულ დარბაზში, სკვერში სხვებს აჩვენებდა მაგალითს, მათ გააკეთეს კომფორტული და მრავალფეროვანი მაისურები, წარწერით #მეავიცერი.

მარიამ კობახიძე ამბობს, რომ სწორედ ეს მრავალფეროვნება და კომფორტულობა აძლევს მის მფლობელს საშუალებას ყველგან ატაროს იგი და სხვების მაგალითი გახდეს.

"მიანიჭებს იმის სტატუსს, რომ მისი მატარებელი არის უკვე ვაქცინირებული, მისაბაძი და ნაკლები საფრთხის შემქმნელი, რაც დღევანდელობაში არა მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობაზე, არამედ მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობაზე მეტყველებს".

მარიამი სხვებს მოუწოდებს რომ არ გადადონ აცრა, ჩაერთონ კამპანიაში #მეავიცერი და ატარონ სამოსი, რომელიც მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობასა და სხვებზე ზრუნვას გამოხატავს.