კომპანია Amazon-მა, რომელმაც 2017 წელს განაცხადა, რომ სურს თავისი Game of Thrones (სამეფო კარის თამაშები) ჰქონდეს, მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და ბეჭდების მბრძანებლის სერიალის გადაღებებს დიდ ბრიტანეთში გააგრძელებს.

სულ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ საოცრად მაღალი მოლოდინების მქონე ამ სერიალის პირველი სეზონის გადაღებები ახალ ზელანდიაში დასრულდა, სერიალიდან პირველი კადრი გავრცელდა და პრემიერის თარიღიც დაანონსდა: 2022 წლის 2 სექტემბერი.

აი, მეორე სეზონის გადაღებები კი მომავალი წლიდან ახალი ზელანდიის ნაცვლად დიდ ბრიტანეთში განახლდება: ჯ.რ.რ. ტოლკინის სამშობლოში. ერთი მხრივ, ამაში განსაკუთრებით გასაოცარი არაფერია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ პიტერ ჯექსონის ბეჭდების მბრძანებლისა თუ ჰობიტის გახმაურებული ეკრანიზაციები სწორედ ახალ ზელანდიაშია გადაღებული.

შარშან ბეჭდების მბრძანებლის ტრილოგიაში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელმა, ელაიჯა ვუდმა განაცხადა, რომ მოხარულია, მომავალ სერიალს კვლავ ახალ ზელანდიაში რომ გადაიღებენ. ამ გეგმის ცვლილების შემდეგ გავრცელებული ინფორმაცია კი მსახიობმა ტვიტერის პირად გვერდზე დამწუხრებული ემოჯით გააზიარა:

ჯერჯერობით უცნობია, როგორც მომავალი სერიალის ზუსტი სახელწოდება, ისე სცენარის დეტალები: მხოლოდ ის ვიცით, რომ მისი სიუჟეტი ჩვენთვის აქამდე ნაცნობ მოვლენებამდე გაცილებით ადრეულ ისტორიაზე მოგვითხრობს.

ბეჭდების მბრძანებლის სერიალის სამსახიობო გუნდი ცნობილია

დანამდვილებით ვიცით ისიც, რომ სატელევიზიო სამყაროში ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული პროექტი: მხოლოდ პირველი სეზონის გადაღება $465 მილიონი დაჯდა. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, კიდევ ოთხი სეზონის გადაღებაა დაგეგმილი.