სულ მალე ახალი სერიალი ათი ეპიზოდის განმავლობაში თეთრის სახლის ისტორიიდან ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური მოვლენების აღდგენას შეეცდება .

American Crime Story: Impeachment (ამერიკული კრიმინალური ისტორია: იმპიჩმენტი) აშშ-ის 42-ე პრეზიდენტის, ბილ კლინტონისა და თეთრ სახლში მომუშავე სტაჟიორის, მონიკა ლევინსკის საიდუმლო რომანის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც გასაჯაროების შემდეგ 90-იანების ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ ამბად იქცა: ამის გამო მეორე ვადით არჩეული კლინტონის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო და კინაღამ თანამდებობიდანაც გადააყენეს.

ამ ისტორიული მოვლენების შესახებ გადაღებული სატელევიზიო შოუს პირველი სრული ტრეილერი ნამდვილად დაძაბულ სანახაობას გვპირდება:

სერიალში მონიკა ლევინსკის როლს ბინი ფელდშტეინი ასრულებს, ბილ კლინტონს კი კლაივ ოუვენი განასახიერებს. აღსანიშნავია, რომ შოუში ასევე მონაწილეობს სარა პოლსონიც, რომელმაც მონიკა ლევინსკის თანამშრომლის, ლინდა ტრიპის პროტოტიპის როლი მოირგო, თუმცა მსახიობი ისეთი შეცვლილია, მისი ცნობა ბევრს გაუჭირდება.

ამერიკული კრიმინალური ისტორია, რომლის შექმნაც ძირითადად რაიან მერფის უკავშირდება, ანთოლოგიური ტიპის შოუა, რომლის ყოველი სეზონი სხვადასხვა რეალურ მოვლენებზე მიგვითხრობს: პირველი სეზონი ო.ჯეი. სიმპსონის გახმაურებულ სასამართლო საქმეს შეეხება, მეორე კი ჯანი ვერსაჩის მკვლელობას.

სულ მალე, 7 სექტემბერს შედგება იმპიჩმენტის პრემიერაც და გავიგებთ, ამჯერად როგორი გამოუვიდათ ახალი სეზონი.