დეპუტატი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ "მაღალი ეშელონების" ეპიდემიოლოგებს კონფორმისტული დამოკიდებულება ხელისუფლებასთან. დეკანოიძე აღნიშნავს, რომ ამ ადამიანებს ასეთივე დამოკიდებულება აქვთ როგორც მოქმედ, ისე ყოფილ პრემიერმინისტრებთან.

"ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ ეპიდემიოლოგებს — მე მაღალ ეშელონებზე ვსაუბრობ, თორემ ჩვენს ყველა ექიმს ძალიან დიდი მადლობა, თავი აქვთ გადადებული მართლა, მაგრამ, მათი მხრიდან აი ეს, რაღაცნაირი კონფორმიზმი ხელისულფებასთან და ღარიბაშვილთან, ჯერ გახარიასთან — გახსოვთ, ალბათ, არაჩვეულებრივი კრიზისმენეჯერი უწოდეს, ეს არის ძალიან ცუდი, სხვათა შორის, იმ პროფესიისთვის, რომელსაც ისინი წარმოადგენენ", — განაცხადა ხატია დეკანოიძემ TV პირველის ეთერში.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა უარი თქვეს პრემიერმინისტრის მიერ რეგულაციების დარღვევის შეფასებაზე. ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ გამყრელიძემ განაცხადა, რომ პოლიტიკურ შეფასებებს არ აკეთებს. მოგვიანებით მან დასძინა, რომ სურს შევთანხმდეთ, ღარიბაშვილის საქციელი არ იყოს "საჯილდაო ქვა პოლიტიკოსებს შორის". ღარიბაშვილის მიერ დარღვეული რეკომენდაციების შეფასებაზე უარი თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამაც. რაც შეეხება პაატა იმნაძეს, მან განაცხადა, რომ ესმის ღარიბაშვილის ხალხმრავალ სუფრაზე ქეიფის მიზეზი, თუმცა მიუღებელი ჰგონია. ირაკლი ღარიბაშვილის მიერ რეგულაციების დარღვევის მეორე დღეს, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის წევრებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია გულისხმობდა თუ არა პირადად ღარიბაშვილს. მოგვიანებით, როცა ამ განცხადების განმარტება სთხოვეს, მან განაცხადა, რომ სამთავრობო გუნდი მოსახლეობას რეგულაციების დაცვასა და ვაქცინაციაზე მაგალითს აძლევს.