თბილისის მერიის ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, ლორთქიფანიძის ქუჩის #28-ის მიმდებარედ, საცხოვრებელი კორპუსთან ფერდის ნაწილის ჩამოშლის შედეგად არავინ დაშავებულა. უწყებაში მიწის მასის ჩამოშლის სავარაუდო მიზეზად ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობას ასახელებენ.

როგორც მერიაში ამბობენ, შემთხვევის ადგილზე მუშაობენ მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის და მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები. შემთხვევის ადგილზე, ასევე, მივიდნენ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები.

"დარგის სპეციალისტებმა ფერდის შესწავლა უკვე დაიწყეს, რის შემდეგაც, საექსპერტო დასკვნა მომზადდება. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული", — აცხადებენ მერიაში.

ლორთქიფანიძის ქუჩაზე ფერდის ნაწილი საცხოვრებელი კორპუსის წინ დღეს, დაახლოებით 19:00 საათზე ჩამოიშალა.