მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. მისი თქმით, ვაქცინაცია, პირბადის ტარება, დისტანცია და პირადი ჰიგიენა ერთადერთი იარაღია ამ ომში. ეპისკოპოსი მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ მოუხმონ გონებას, არ აჰყვნენ ცრუ და დამღუპველ ინფორმაციებს, გადაამოწმონ ყველა ცნობა და დაიცვან როგორც საკუთარ თავები, ასევე, გარშემო მყოფები.

"როდესაც წმინდა სინოდის სხდომაზე ამ საკითხებზე ვმსჯელობდით, გარკვევით ვთქვით, რომ დაუშვებელია დაძალება მოხდეს რომელიმე მხარეზე და ეს ასეცაა. ჩვენი ვალდებულება ის კი არაა, რომ ვინმეს რაიმე დავაძალოთ, არამედ ის, რომ ძმური სიყვარულით, სამეცნიერო არგუმენტებითა და ავტორიტეტული წყაროების მოშველიებით მარტივ ენაზე ავუხსნათ ჩვენს თანამოქალაქეებს იმ სიტუაციის ავკარგიანობის შესახებ, რომელშიც ვიმყოფებით. ამისთვის კი უპირველესად იმის გააზრება გვჭირდება, რომ თავისუფლება რაღაც აბსტრაქტული წარმონაქმნი კი არაა, რომელიც სხვადასხვა ბრუნვაში შეგვიძლია გამოვიყენოთ, არამედ დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც სხვა ადამიანთა — ღვთის ხატთა და მსგავსთა წინაშე გვაკისრია", — წერს Facebook-ზე ეპისკოპოსი.

მელქისედეკი ანტივაქსერთა კომენტარებს ვაქცინაციაზე მითებს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ისინი იმ ხაზს მიჰყვებიან, რომლის მიხედვითაც "აცრილიც ავადდება კოვიდით". ეპისკოპოსის ხაზს უსვამს, რომ მართალია, ვაქცინის გაკეთების შემდეგ ადამიანი, შესაძლოა, დაინფიცირდეს, მაგრამ მისი გართულების ფორმა მინიმუმამდე მცირდება. მისი თქმით, აუცილებელია გავიზიაროთ ის პასუხისმგებლობა, რაც ყველას გვაკისრია.

"ვაქცინაცია მინიმუმამდე ამცირებს ამ დაავადების გართულების ფორმებს, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ დავზოგოთ რესურსები, დავეხმაროთ ჩვენს სამედიცინო პერსონალს და არ დავიკავოთ ჩვენი იმ თანამოქალაქის ადგილი, რომელსაც გადაუდებელი სტაციონარული მკურნალობა ესაჭიროება. იმავე ისრაელშიც კი დაფიქსირდა ინფიცირების მატება, თუმცა არა გარდაცვალების და ჩვენი მთავარი მიზანიც ხომ ესაა — დავიცვათ ადამიანისადმი ღვთითბოძებული სიცოცხლე და გავუფრთხილდეთ მას. ეს კი უპირველესად პასუხისმგებლობის აღებაში გამოიხატება", — აცხადებს ის.

დღეს საკოორდინაციო საბჭომ ახალი შეზღუდვები გამოაცხადა. კერძოდ, იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო კვების ობიექტები 23:00 საათამდე იმუშავებენ. რეგულაციები 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე იმოქმედებს.

გაიგეთ მეტი: