საქართველოს სხვადასხვა ქალაქში იმოქმედებს ამცრელი პუნქტები, სადაც წინასწარ რეგისტრაციის გარეშე შეძლებთ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას. ხვალიდან თბილისში იფუნქციონირებს ამცრელი პუნქტი ტექნიკურ უნივერსიტეტთან, ასევე ერთი ცენტრი გაიხსნა მცხეთაში.

NCDC-ის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მოუწოდა მოქალაქეებს, რომ ამ სივრცეებით მაქსიმალურად ისარგებლონ და განაცხადა, რომ რამდენიმე დღეში ასეთი ცენტრები გაიხსნება ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტებთან.

"ჩემი უმორჩილესი თხოვნაა საქართველოს მოქალაქეებისადმი, რომ გარდა წინასწარი ბუქინგისა აქტიურად მივმართოთ ყველა ამცრელ სამედიცინო დაწესებულებას. ქვეყანაში 184 სამედიცინო დაწესებულებაა 354 ბრიგადით.

დღეს მაგალითად გაიხსნა ძალიან კარგი ამცრელი ცენტრი მცხეთაში. ხვალ იწყებს სერიოზული ამცრელი ცენტრი მუშობას ტექნიკური უნივერსიტეტის მე-7 კორპუსში, რომელიც 10 ბრიგადით არის დაკომპლექტებული. არის აფილირებული რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან და მენეჯმენტს ისინი აწარმოებენ.

ასეთივე ამცრელი ცენტრები მომავალი კვირის განმავლობაში გაჩნდება რამდენიმე დიდ უნივერსიტეტთან, საუნიერსიტეტო სივრცეებში. ასეთი იქნება თბილისში დიდ უნივერსიტეტთან, ქუთაისში წერეთლის სახელობის უნივერსიტეტთან, ბათუმში ბათუმის უნივერსიტეტთან", — განაცხადა მან.

მანვე აღნიშნა, რომ დღევანდელი მონაცემებით, ამ დღეებში აცრილი ადამიანების 15% სწორედ ამ მეთოდით აიცრა, წინასწარი ბუქინგის გარეშე.

"ხვალ ტექნიკური უნივერსიტეტის სივრცეში ადამიანები შეიძლება მივიდნენ ყოველგვარი წინასწარი ჩაწერის გარეშე და აიცრან, ისევე, როგორც ყველა ამცრელ სივრცეში. დღეს არის ვირტუალური კაბინეტები, სადაც ჩაწერის გარეშე ადამიანები შეიძლება მივიდნენ და აიცრა", — განაცხადა გამყრელიძემ.

საოპერაციო საბჭოს ხელძღვანელის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, ვაქცინაციის მაქსიმალურად გაფართოებისა და ხელმისაწვდომობის მიზნით, აცრის პროცესში ჩაერთვებიან სამხედრო ექიმებიც. მათგან დაკომპლექტებული ბრიგადები სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაზე განახორციელებენ ვაქცინაციას.